„არემჯი“ ჯგუფს სურს განაცხადოს ჯგუფში შემავალი კომპანიების (RMG Gold და RMG Copper) მიერ ყოფილი თანამშრომლების სამსახურში აღდგენის პროცესის წარმატებით დასრულების შესახებ.
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები 2014 წლის იანვარ-თებერვალში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო გათავისუფლებულ მუშა-მოსამსახურეებთან მათი სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით. პროცესი დაყოფილი იყო რამდენიმე ეტაპად. თანამშრომელთა ნაწილთან კომპანიამ ადრეულ ეტაპზევე მიაღწია შეთანხმებებს ურთიერთმისაღები პირობებით. დანარჩენ ნაწილთან კი შეთანხმება შედგა დავის განხილვის პროცესში. ამჟამად სამსახურში აღდგენის პროცესი სრულად არის დასრულებული მუშა-მოსამსახურეებისათის მისაღები პირობებით, რაზეც გაფორმდა შესაბამისი შეთანხმებები და შეწყდა სასამართლო საქმისწარმოება.
ამასთან, „არემჯი“ უყურადღებოდ ვერ დატოვებს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის მიერ არაერთგზის გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს „არემჯი“ ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერ ხდებოდა ყოფილი თანამშრომლების სამსახურში აღდგენის პროცესის ხელოვნური გაჭიანურება თუ თანამშრომლებზე რაიმე სახის ზეწოლა დავის დასრულების მიზნით. კომპანიამ ადრეც არაერთხელ განაცხადა, რომ თანამშრომლების აღდგენის პროცესი მიმდინარეობდა წარმატებით და ეტაპობრივად, უშუალოდ კომპანიისა და შესაბამისი თანამშრომლების პირადი მონაწილებით. როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, კომპანიის მიერ თანამშრომლებთან უშუალო კომუნიკაციის შედეგად, ნებისმიერი გარე ძალის მიერ არაკონსტრუქციული ჩარევის გარეშე (სადაც პირველ რიგში იგულისხმება საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი და კონკრეტულად მისი ხელმძღვანელი თამაზ დოლაბერიძე), მიღწეულ იქნა ორივე მხარისათვის ურთიერთმისაღები შედეგი.
იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი კვლავაც არ მისცემს მუშა-მოსამსახურეებისათვის წარმატებით დასრულებულ პროცესს შრომითი კოლექტივის წევრებზე ზეწოლის შეფასებას და თავს შეიკავებს დამსაქმებელ კომპანიებსა და შრომითი კოლექტივის წევრებს შორის ურთიერთობაში არაჯანსაღი და არაკონსტრუქციული ატმოსფეროს ინიცირებისაგან.