საკრებულოს დეპუტატის, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გამოძიება უნდა დაიწყოს ყოფილი მთავარი პროკურორის და მისი მოადგილის წინააღმდეგ.
როგორც ელისაშვილმა მთავარ პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ აღნიშნა, ყოფილ მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს და მის მოადგილე გიორგი გოგაძეს ბრალი სამსახურეობრივი გულგრილობისთვის უნდა წაუყენონ.
"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, დაისაჯონ ის ადამიანები და გამოძიება მივიდეს ბოლომდე. ის პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ პატიმრების გამოშვებით ფული ეშოვათ და ნაწილობრივ ამას ახერხებდნენ ხოლმე, ეს არის პირველი რიგის ამოცანა და მეორე რიგის ამოცანა, რადგან ბატონი გოგაძე ასეთი უსირცხვილო და ლაჩარია, რომ გოგაძის და ბადაშვილის წინააღმდეგ დაიწყოს მეორე გამოძიება გულგრილობის გამო. მათ ჩემგან, სხვა არხებიდან მიიღეს ინფორმაცია ძალიან საშიშ დანაშაულთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, პრეზიდენტიც უნდა დაიკითხოს, პარლამენტის თავმჯდომარე, ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრიც და მთელი მთავრობა", - აღნიშნა ელისაშვილმა.
საკრებულოს დამოკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მთავარ პროკურატურაში, პატიმრების შეწყალების საკითხზე და შესაძლო კორუფციულ გარიგეგებზე გაკეთებული განცხადების გამო დაკითხეს.
როგორც ელისაშვილმა დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე წელიწადნახევრის წინ როგორც მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა, თუმცა, მათგან ამ ფაქტებს რეაგირება არ მოჰყოლია.
ელისაშვილის განცხადებას მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ უპასუხა. მისი თქმით, ელისაშვილი მას მხოლოდ პირად საკითხზე, ახლობელთან დაკავშირებით შეხვდა და სიმართლეს არ შეესაბამება ის რომ კორუფციულ გარიგებებზე დეპუტატმა პროკურატურას ინფორმაცია მასაც მიაწოდა.