დენდროლოგიურ პარკს და ბოტანიკურ ბაღს ერთი ხელმძღვანელი ეყოლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ ბოტანიკური ბაღის დირექტორის, ნინო გოცაძის გათავისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლების იმ ინფორმაციაზე კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითადაც, ბოტანიკური ბაღის დირექტორად ყოფილი პრემიერის მიერ დასახელებული კანდიდატი მოიაზრება.
ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნული არ დაადასტურა. ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო გოცაძეზე ზეწოლა განხორციელდა. მისი თქმით, ნინო გოცაძემ თანამდებობოდან გადადგომის შესახებ განცხადება თავად დაწერა.
"ვფიქრობ, ბოტანიკური ბაღი იმსახურებს უფრო მეტს, ვიდრე დღეს არის. ახალი მენეჯმენტის არსებობა აუცილებელია. ახალი მენეჯმენტის წინაშე დგას ორი ამოცანა: ბოტანიკური ბაღი იყოს ბევრად უფრო მოვლილი და ამავე დროს ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იქ ინფრასტრუქტრული პროექტების განხორციელება და გასართობი ცენტრების შექმნა იგეგმება, არის აბსოლუტური სიცრუე. პირიქით, ჩვენ ვაპირებთ ბაღს მივუმატოთ ტერიტორია და მეცნიერებისა და ვიზიტორებისათვის პოპულარული სივრცე გავხადოთ”, - განაცხადა ლექვინაძემ.
რაც შეეხება ახალ დირექტორს, თბილისის მერის მოადგილის განმარტებით, მისი კანდიდატურა შეირჩა პროფესიონალიზმისა და გამოცდილების საფუძველზე.
”თამაზ დარჩიძე უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბათუმის ბოტანიკური ბაღი კი ერთ-ერთი წარმატებული ობიექტია საქართველოში. ჩვენთვის ღირებულია ის გამოცდილება, რომელიც ამ ადამიანს გააჩნია”, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.
ლექვინაძის თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო ნინო გოცაძის მიერ გაკეთებული განცხადებები, რადგან ბოლო დღეებში მასთან ”კონსტრუქციული საუბარი” ჰქონდა. მეტიც, თბილისის მერის მოადგილის მტკიცებით, მას დედაქალაქის მთავრობაში ალტერნატიული ადგილი შესთავაზეს.
"ნინო გოცაძეს შეიძლება ჰქონდა სურვილი, რომ ბოტანიკური ბაღი ყოფილიყო უკეთესი, მაგრამ ის პერიოდი, რა დროსაც ის მართავდა ბოტანიკურ ბაღს, ვერ ვიტყვით, რომ იყო საუკეთესო პერიოდი.დღეს ბევრმა თბილისელმა და ვიზიტორმა არც იცის, სად არის ბოტანიკური ბაღი", - განმარტა ლექვინაძემ.
მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა ისიც, რომ დენდროპარკს, რომელიც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარეობს და ბოტანიკურ ბაღს, ერთი ხელმძღვანელი ეყოლება და ამ ორი პარკის და ბაღის მართვა ერთი მენეჯმენტით მოხდება.