ძლიერი შოკის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა სტაბილიზაციის ნიშნებს იჩენს, - ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან აცნობეს, მისია მარკ გრიფითსის ხელმძღვანელობით, სსფ-ის სარეზერვო დაფინანსების პროგრამის მეორე და მესამე მიმოხილვის ფორმატში დისკუსიების გასამართად თბილისში 9-21 ნოემბერს იმყოფებოდა.
როგორც მარკ გრიფითსი აცხადებს, საქართველოს ეკონომიკა კვლავაც რთული საგარეო ვითარების პირობებში ფუნქციონირებს.
"საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შენელებამ და მათი ვალუტების გაუფასურებამ საქართველოს ექსპორტისა და უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების კლება განაპირობა. ყოველივე ამის შედეგად, ასევე გლობალურად აშშ დოლარის გამყარების ფონზე, შემცირდა უცხოეთიდან შემოსავლების შემოდინება, რამაც გამოიწვია წლის განმავლობაში ლარის 35 პროცენტზე მეტით გაუფასურება აშშ დოლარის მიმართ. ვალუტის გაუფასურება ეკონომიკას ეხმარება გარე შოკებთან გამკლავებაში, თუმცა ვალის ტვირთს უზრდის მსესხებლებს, რომელთაც აშშ დოლარით აქვთ სესხები და ვალუტის გაუფასურება ასევე ამცირებს ადგილობრივ მოთხოვნას", - აცხადებს გრიფითსი.
მისივე თქმით, ძლიერი შოკის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა სტაბილიზაციის ნიშნებს იჩენს. ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს მცირედით აღემატება ადრინდელ პროგნოზს და მოსალოდნელია, რომ 2.5 პროცენტი იქნება, ხოლო 2016 წელს 3 პროცენტამდე გაძლიერდება.
"ამ პროგნოზს ახლავს გაუარესების რისკები, რაც ძირითადად ქვეყნის სავაჭრო პარტნიორებში ეკონომიკური მდგომარეობის შესაძლო გაუარესებიდან მომდინარეობს", - აცხადებს გრიფითსი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციამ იმატა, წლის ბოლოს საქართველოს ეროვნული ბანკის 5 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს მხოლოდ მცირედით გადააჭარბებს.
"გარე შოკის გამო, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზი მთლიან შიდა პროდუქტის (მშპ-ს) 11 პროცენტამდე გაზარდა, თუმცა არსებობს იმის ნიშნები, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობა უმჯობესდება: ექსპორტი და ფულადი გავნილების შემოსვლის მინიმალური ოდენობა უკვე წარსულშია, ხოლო ტურისტების რაოდენობა კვლავ მატულობს. იმპორტის კლებამ მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8 პროცენტი შეადგინა (ან 16 პროცენტი თუ ერთჯერად დიდი იმპორტის შემთხვევას გამოვრიცხავთ). ამდენად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2016 წელს უნდა შემცირდეს მშპ-ს 9 პროცენტამდე. რამდენადაც საგარეო ვალი მშპ-ს 100 პროცენტია, აუცილებელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდეს", - აცხადებს გრიფითსი.