იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს საგადასახადო საიდუმლოებაზე წვდომის უფლება ექნება.
ასეთ შესაძლებლობას სააგენტოს "საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ანიჭებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.
პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, იმ სუბიექტებს, რომელთაც კანონით საგადასახადო საიდუმლოებაზე წვდომა გააჩნიათ, მონაცემთა გაცვლის სააგენტო ემატება, რის შედეგადაც სააგენტოს საგადასახადო საიდუმლოებაზე წვდომა ექნება - საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტთა შორის დოკუმენტაციის ელექტრონული მიმოცვლის სისტემის ფუნქციონირების მიზნით.
როგორც ამასთან დაკავშირებით მთავრობა განმარტავს, საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტთა შორის დოკუმენტაციის ელექტრონული მიმოცვლის სისტემა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, "საქართველოს რკინიგზის", ფოთისა და ბათუმის პორტების, საზღვაო ხაზების, ტერმინალებისა და ექსპედიტორების აქტიური ჩართულობით შეიქმნა და ამჟამად გასაშვებად მზად არის. მათივე ინფორმაციით, სისტემა მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურას ეფუძნება და მისი მიზანია საკონტეინერ გადაზიდვების პროცესში (იმპორტ-ექსპორტი) ჩართულ კერძო და სახელმწიფო სუბიექტებს შორის ინფორმაციის მიმოცვლის პროცესის გამარტივება, რაც უზრუნველყოფს მნიშვნელოვან სარგებელს, საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული მხარეებისათვის.
"სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის, აუცილებელია მისი მეშვეობით ისეთი ინფორმაციის დამუშავება, რომელიც, "საქართველოს საგადასახადო კოდექსით" საგადასახადო საიდუმლოებას მიეკუთვნება. ამგვარ ინფორმაციას მიეკუთვნება საგადასახადო დეკლარაცია, გადასახადის გადამხდელის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია და სხვა ინფორმაცია, რომელიც სისტემაში ჩართულ მხარეებს შორის მიმოიცვლება", - აღნიშნულია კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.