მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძის განცხადებით, საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადება, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც გოგაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს მხოლოდ ერთხელ შეხვდა, ისიც პირად საკითხზე და შეწყალების კომისიის მუშაობასთან ამ საკითხს საერთო არ ჰქონია.
"რბილად რომ ვთქვათ, ეს განცხადება იყო სრული სიცრუე. მე მას მართლა შევხვდი იმ პერიოდში. ეს ეხებოდა მის პირად საკითხს. მისი თხოვნის შესაბამისად, ეს ეხებოდა მისი ახლობლის პრობლემას. სკოლის მასწავლებელი, თუ დირექტორი, იყო დაზარალებული სისხლის სამართლის საქმეში. ითხოვდა დახმარებას, რათა მისი ახლობლის მიერ დაკარგული თანხის დაბრუნებაში პროკურატურა როგორმე დახმარებოდა, ვინაიდან ეს იყო დიდი ხნის საქმე. შეხვედრას, მადლობა ღმერთს, ესწრებოდა იმ რაიონის პროკურორი, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას ამ რაიონზე და ასევე ჩვენი სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე", - განაცხადა გოგაძემ.
პროკურორის მოადგილის თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე შეწყალების კომისიაზე და რაიმე სახის კორუფციულ გარიგებებზე საუბარი არ ყოფილა.
"ამ პიროვნებას ერთხელ ვარ შეხვედრილი და ზუსტად მახსოვს, რა საკითხზეც ვესაუბრე", - აღნიშნა პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საქმე 339-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს.
ალეკო ელისაშვილის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც ელისაშვილმა დაკითხაზე შესვლისას ჟურნალისტებს განუცხადა, ის აპირებს პროკურატურაში იმ ადამიანების სახელი და გვარები დაასახელოს, ვინც შეწყალების საქმეში კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას იღებდა. ელისაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე წელიწადნახევრის წინ როგორც მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს, ისე ხელისუფლების წარმომადგენელბესაც შეხვდა, თუმცა, მათგან ამ ფაქტებს რეაგირება არ მოჰყოლია.