ცოტა არ იყოს, საკმარისზე მეტ დროს გვახარჯინებს

ცოტა არ იყოს, საკმარისზე მეტ დროს გვახარჯინებს "გაზპრომი" თავის თავზე სალაპარაკოდ

არ ვაპირებთ რუსეთზე დამოკიდებულება გავზარდოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ "გაზპრომთან" ურთიერთობის გაწყვეტა სწორი იქნება , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"გაზპრომი" ენერგეტიკის მინისტრს არ შემოუყვანია საქართველოში. მთავრობას "გაზპრომი" დაგვხვდა საქართველოში. იგი გაზსადენის მეშვეობით გაზს აწვდის ჩვენს მეზობელ სომხეთს, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთიდან ენერგომატარებლებზე. ჩვენ ენერგეტიკის სფეროში გვაქვს მკაფიო პოზიცია: საქართველო არ უნდა იყოს ენერგოდამოკიდებული ქვეყანაზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და რომელიც ცნობილია მსოფლიოში იმით, რომ ენერგოსაკითხებს იყენებს პოლიტიკური მიზნებით. ამ საკითხში ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება ვართ ამ პრინციპის და ხაზის გამგრძელებელი და არანაირი ფორმით და პროპორციით არ ვაპირებთ, გავზარდოთ საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე მაშინ, როდესაც არსებობს ენერგომოწოდების ალტერნატიული ვერსიები. ამავდროულად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გაწყვეტილი გვაქვს, ან სწორი იქნება, რომ გავწყვიტოთ ურთიერთობა იგივე "გაზპრომთან", რომელიც დაგვხვდა, ჩვენ არ მოგვიყვანია. ახლა რომ იდგეს საკითხი, გავაკეთოთ თუ არა ეს, შეიძლება იყოს ერთი პოზიცია, მაგრამ როდესაც ფუნქციონირებადი გაზსადენია, ორივე ქვეყნის თემა უნდა გავითვალისწინოთ და ერთ ქვეყანასთან თუ პრობლემა გვაქვს, მეორესთანაც არ უნდა გავიჩინოთ იმით, რომ შეფერხდეს მისთვის გაზის მიწოდება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, როცა საქართველოს ტერიტორიაა გამოყენებული ტრანზიტისთვის, ბუნებრივია, ქვეყანამ მიიღოს ტრანზიტის საფასური.

"მოლაპარაკებები ამ თემაზე საჭიროა. სწორი ამოცაანა, რომ ვინაიდან ეს ფუნქციონირებადი პროექტია, საქართველომ ნახოს მეტი ხეირი, ვიდრე ნაკლები ხეირი. ამ ყველაფერმა არავითარი ხიფათი არ უნდა შეუქმნას ჩვენს ურთიერთობას აზერბაიჯანთან, თურქეთან, აშშ-სთან, ევროკავშირთან და იმ ქვეყნებთან, რომელთათვისაც საქართველო, როგორც ენერგომატარებლების გადაადგილებისთვის თავისუფალი ზონა, ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ძალიან მჭიდრო კომუნიკაციებია აზერბაიჯანთან და უსუფაშვილი ვერ ხედავს რაიმე დაძაბულობის საბაბს, რომ ენერგეტიკის მინისტრმა პროცესი სხვა მიმართულებით წაიყვანოს.

"ცოტა არ იყოს, საკმარისზე მეტ დროს გვახარჯინებს "გაზპრომი" თავის თავზე სალაპარაკოდ", - დასძინა უსუფაშვილმა.