ნადიმ პაქსაძე, რომელსაც არასრულწლოვან მეუღლესთან ორი შვილი ჰყავს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა

ნადიმ პაქსაძე, რომელსაც არასრულწლოვან მეუღლესთან ორი შვილი ჰყავს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ 21 წლის ნადიმ პაქსაძე, რომელსაც არასრულწლოვან მეუღლესთან ორი შვილი ჰყავს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ უწყებამ პაქსაძის მიმართ დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა.

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გამოიყენოს დისკრეციული უფლებამოსილება და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ მეუღლესთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებული 21 წლის ნადიმ პაქსაძე გაათავისუფლოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

აღნიშნულ ფაქტზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტში 2015 წლის 18 ნოემბერს დაიწყო გამოძიება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161,140-ე მუხლით. გამოძიებას საფუძვლად დაედო ხულოს სამოქალაქო რეესტრის მიერ გამოგზავნილი მასალები შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ დადგინდა ხსენებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი ნ.პაქსაძის მხრიდან, რომლისთვისაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ გაითვალისწინა რა ის გარემოებები, რომ ნ.პაქსაძემ და მისმა მეუღლემ წლებია რაც შექმნეს ოჯახი და ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი, ოჯახი ნ.პაქსაძის კმაყოფაზეა, ეს უკანასკნელი წარსულში ნასამართლევი არ არის და ხასიათდება დადებითად, მიიღო გადაწყვეტილება ნადიმ პაქსაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ", - აცხადებენ პროკურატურაში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების და მსგავსი დანაშაულის პრევენციის მიზნით, პროკურატურა მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს.

"საქართველოს პროკურატურა მომავალშიც აპირებს ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურებას, ვინაიდან იდენტური დანაშაულებრივი ფაქტები მრავალად გვხვდება მაღალმთიან აჭარაში, რაც შეუტყობინებლობის გამო რეაგირების გარეშე რჩება", - აღნიშნავენ უწყებაში.