თბილისის ყოფილი ვიცე მერი დავით ალავიძე განცხადებას ავრცელებს. როგორც ალავიძის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე და თბილისის მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებზე, 27 მაღალჩინოსნის დაკავების საქმეზე პოლიტიკური ზეწოლა მიმდინარეობს. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, იძულებულები არიან, რომ ქვეყანა დატოვონ. ალავიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ორ წელზე მეტია სასამართლოში მიმდინარეობს პროცესი ჩვენს საქმესთან დაკავშირებით. სამი წელია ვაკვირდებით თუ როგორ ნელ-ნელა, ეტაპობრივად, სასამართლო და პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ხელში გადაიქცა მისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად. თუ არა პოლიტიკური ოპონენტების დევნა, მაშინ რა ახსნა უნდა მოეძებნოს იმას, რომ 27 მაღალჩინოსნის დაკავების საქმე, რომელიც უკანონო დაკავებადაა აღიარებული ძალაში შესული სასამართლო განჩინებითა და სახალხოდამცველის მიერ, დღესაც პროკურატურის თაროზე დევს, ხოლო უკანონო დაკავებაში მონაწილე ორასამდე ადამიანიდან ერთიც კი არაა დაკითხული. ასევე, პროკურატურაში დევს გამოკითხვის ოქმი და თქვენ ამ სასამართლო პროცესზე მოგეცემათ საშუალება მოისმინოთ მოწმის ჩვენება თუ რა გზით, რა ხერხებით და როგორი კანონდარღვევით ხდებოდა ჩვენთან მოლაპარაკება პროკურატურის მაღალჩინოსნების მხრიდან, წინასწარი პატიმრობის დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თუ არა პოლიტიკური დევნა, რა შეიძლება ეწოდოს იმას, რომ პირდაპირი წესით არჩეულ მერს საქალაქო სასამართლომ ჯერ შუაღამეს, ზეპირი მოსმენის გარეშე, კონსტიტუციის დარღვევით შეუჩერა უფლებამოსილება, ხოლო შემდგომ, საკონსტიტუციო სასამართლოს კანონიერი დადგენილება საერთოდ არ აღასრულა. რა შეიძლება ეწოდოს იმას, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში დაკავებულმა თბილისის ყოფილმა მერმა სასამართლოსა და პროკურატურის ძალისხმევით, კონსტიტუციის გათელვით ცხრათვის მაგივრად თხუთმეტი თვე გაატარა წინასწარ პატიმრობაში. ექვსთვიან სამართლებრივ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, სრულიად სხვა საქმეზე შეთითხნილი გამამტყუნებელი საპატიმრო განაჩენით, საქალაქო სასამართლომ ყოფილი მერის დაკავება 23 საათში მოახერხა. ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მსგავსი ფაქტები მრავლდაა, მაგრამ არ შემიძლია არ ვახსენო რუსთავი 2-ს საქმე, საქალაქო სასამართლოზე გაუსაძლისი ზეწოლისა და წნეხის შედეგად ურთმელიძის ხელით მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლომ არაბუნებრივი, ზერეკორდული სისწრაფით განიხილა რუსთავი 2-ს საქმე; რიგი ობიექტური და დასაბუთებული შუამდგომლობის მიუხედავად, ვერაფრით ააცილა ურთმელიძეს საქმე ისე, რომ საკუთარ დედაზეც კი ათქმევინა მას უარი; ორგვერდიანი, გაყალბებული, გაურკვეველი წარმომავლობის მქონე ექპერტის ხელმოწერილი "მტკიცებულების" საფუძველზე, მიიღოსრულიად უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება ქონების კეთილსინდისიერი შემძენების წინააღმდეგ; რიგი მიზეზების გამო ვერ მისცა მსვლელობა დაუყოვნებლივ აღსრულებას, მაგრამ სულ ცოტა ხანში მაინც გადააბიჯა საკონსტიტუციო სასამართლოს, დაარღვია საპროცესო კოდექსი და ზეპირი მოსმენის გარეშე, აბსურდული დასაბუთების საფუძველზე, დანიშნა დროებითი, მიკერძოებული მმართველები მათი უფლებების ჩამონათვალით, რადგან ასეთი ცნება კანონმდებლობაში არარსებობს; ესყველაფერი დაკანონდა 17 გვერდიანი ისეთი განჩინებით, რომელსაც ურთმელიძე ასეთ მოკლე დროში ვერ მოაბავდა თავს და რომელშიც ასევე დაწესებულია ცენზურა მედიისთვის; მთავრობამ დაინახა რა საერთაშორისო თანამეგობრობის, არასამთავრობო სექტორის და მთლიანად საზოგადოების აღშფოთება და ერთსულოვნება, კვლავ სასამართლოს ხელით და ისევ ურთმელიძის განჩინებით დროებით შეაჩერა მკაფიოდ განზრახული, მაგრამ ჯერ მხოლოდ ნაწილობრივ შესრულებული უკანონობა.
დღეს ყველა ხედავს, რომ ესაა დაკვეთა და პროკურატურასა სამართლოსთან ერთად ბეჯითადაა ჩართული მთავრობისა და ივანიშვილის ფერხულში, რათა მოისპოს ქვეყანაში ძირითადი ოპოზიციური ძალა და მასთან ერთად კრიტიკული აზრის გამოთქმის სივრცე. იმ ხალხის დაკვეთა, რომლებიც ცდილობენ თავიანთი უუნარობა და უნიათობა გადაფარონ და ხალხს სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების მაგივრად, უნიჭოდ დადგმული შოუ შესთავაზონ. ყველაზე დასანანია და ფაქტისახეზეა, რომ საქართველო უხვევს დასავლეთისკენ მიმართული ვექტორიდან, ყოველივე ეს კი ნათლად ჩანს ჩვენი ქვეყნის მეგობრების რეაქციებიდან და განცხადებიდან.
ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ერთგულად ვემსახურეთ ჩვენს ქალაქს. ვხედავთ, რა ძნელია სიმართლის დადგენა სასამართლოში, ვხედავთ, რომ პროკურატურის მასალები ამ საქმეზე არის სრულიად უსუსური და მათი მთავარი ამოცანაა მოძებნონ ე.წ.მოწმეები ანუ ცრუმოწმეები, რომლებიც ხელს დაადებენ გიგი უგულავას. პროკურატურა დღიდან ჩვენი დაკავებისა ითხოვს არა სიმართლის დადგენას, არამედ გვაიძულებს ცრუ ჩვენების საფუძველზე ხელი დავადოთ და ცილიდავწამოთ უდანაშაულო ადამიანს.
სამწუხაროდ ჩვენ დაგვრჩა ორი არჩევანი ან ვუღალატოთ ჩვენს ადამიანობას, ღირსებას, სინდისს, ფასეულობებს და ვიცრუოთ ფიცის ქვეშ ან დავტოვოთ ქვეყანა. სამწუხაროდ, მთავრობისა და პროკურატურის ზეწოლა ჩვენ სხვა არჩევანს არ გვიტოვებს. ჩვენ ავირჩიეთ მეორე გზა, რადგან არ გვსურს 11 წელი პოლიტ პატიმრებად გავატაროთ გისოსებს მიღმა დანაშაულისთვის, რომელიც ცხადზე ცხადია და თქვენთვისაც ცნობილია, რომ არ ჩაგვიდენია", - ნათქვამია განცხადებაში.