რელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურის შეურაცხყოფისთვის, შესაძლოა, ჯარიმა დაწესდეს

რელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურის შეურაცხყოფისთვის, შესაძლოა, ჯარიმა დაწესდეს

რელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურის შეურაცხყოფისთვის, შესაძლოა, ფულადი ჯარიმები დაწესდეს. შესაბამისი პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

საქმე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს ეხება, რომლის ინიციატორი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანია. პროექტის ავტორი კი "დემოგრაფიული განვითარების ფონდის" დირექტორი ზვიად ტომარაძეა.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.

ცვლილებების მიხედვით, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" ახალი მუხლი ემატება, რომლის გათვალისწინებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება, ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.

ამავე პროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

"კანონპროექტის მიღების მიზეზია, ბოლო პერიოდში გახშირებული მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების, არსებული რელიგიების და სასულიერო პირების შეურაცხყოფა", - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.