"საქართველოს და ბულგარეთს შეუძლიათ, იყვნენ ლიდერები აბრეშუმის გზის ინიციატივაში"

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მთელ რიგ სფეროებში ბულგარეთის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში, ნატო-ს არსებითი პაკეტის ელემენტების განხორციელებაში ჩართულობისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო არის და იქნება საიმედო პარტნიორი ბულგარეთისთვის.

„შეხვედრაზე აღვნიშნეთ ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ვაჭრობის სექტორებში. ჩვენს ქვეყნებს დიდი პოტენციალი აქვთ, რომ კიდევ უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები ჩამოაყალიბონ. ამ თვალსაზრისით, ერთობლივი ეკონომიკური კომისია, რომლის სხდომაც, ვიმედოვნებთ, 2016 წლის იანვარში გაიმართება, დიდ წვლილს შეიტანს ამ პროცესში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ასევე ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პეტრიწონის მონასტერი - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტაძარია ევროპის მართლმადიდებლურ ლავრათა შორის, რომელიც ერთმორწმუნე ბულგარული და ქართული კულტურების უნიკალური კომბინაციის სიმბოლოა.

პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და თბილისში მიიწვია.

ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ვიზის ლიბერალიზაციის პროცესისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა.

ბოიკო ბორისოვმა ხაზი გაუსვა ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის როლს და სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პროცესში საქართველო-ბულგარეთის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს და ბულგარეთს შეუძლიათ, იყვნენ ლიდერები ამ ინიციატივაში, რომელსაც ჩვენი ქვეყნებისთვის ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. არსებობს ირანთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბების პოტენციალი. ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველო და ბულგათი ენერგომატარებლების სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბდნენ, რაც ჩვენს ეკონომიკებზე დადებითად აისახება, რადგან ამით ბუნებრივი აირის ფასი შემცირდება“, - განაცხადა ბოიკო ბორისოვმა.

ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა დღეს ხელმოწერილი მემორანდუმების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტები ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს