მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მქონე მძღოლები გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციებს იწყებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ორგანიზატორებმა განუცხადეს, პირველი აქცია 6 დეკემბერს, 13:00 საათზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მოთხოვნაა ხელისუფლებამ არ აკრძალოს მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაცია.
"მეგობრებო, ჩვენს გეგმებში შედის ცვლილება, გავიარეთ კონსულტაციები იურისტებთან და მინდა გითხრათ ჩვენი გამაფრთხილებელი აქციის შესახებ. გამაფრთხილებელი აქცია ჩატარდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან დიღმის მიმართულებით, კვირას, 6 დეკემბერს, 13:00 საათზე. ყველა ჩვენ ჩვენი ავტომობილებით შევიკრიბებით და გავჩერდებით პირველ ზოლში 1-2 მეტრის დაშორებით და გავაკეთებთ ავტომობილებით უწყვეთ ჯაჭვს მთელ სანაპიროზე, უკვე 13:00 საათზე სიგნალებით მოვუწოდებთ და გავაფრთხილებთ შსს-ს და შესაბამის ორგანოებს, თუ ჩვენი მოთხოვნა ოთხშაბათამდე (მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტარციის აკრძალვასთან დაკავშირებით) არ დაკმაყოფილდება, ჩვენ, ხუთშაბათს დავიწყებთ მსველობას თბილისის ქუჩებში პიკის საათებში, რაც სავარაუდოდ მოახდენს ქალაქის პარალიზებას და რეალურად ეს შექმნის პრობლემას. ჩვენ გამაფრთხილებელი აქციისთვის ვირჩევთ კვირა დღეს, ასევე ვირჩევთ ისეთ ადგილს, სადაც ნაკლებად შევაფერხებთ მოძრაობას, ვინაიდან არ გვსურს პრობლემა შევუქმნათ ქალაქს, მაგრამ თუ კანონპროექტში არ შევა ცვლილება, ეს პრობლემები გარდაუვალი გახდება", - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.
მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება. შს მინისტრის განმარტებით, იკრძალება რეგისტრაცია და არა - იმპორტი, ტრანზიტი, დროებითი შემოყვანის რეჟიმი, რეექსპორტი. გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოში ძალიან მოდაშია დაშლილი ნაწილებით ვაჭრობა და ასეთი მანქანების იმპორტის შემთხვევაში, მფლობელს შეუძლია, დაშალოს იგი, ვინაიდან რეგისტრაციაში არ გატარდება.
გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სტატისტიკა საგანგაშოა, ვინაიდან 2015 წლის მონაცემებით მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი საქართველოში 50%-ს გაუტოლდა.