სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართველი ერის სულიერი წინამძღვარია და მისი რჩევა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს.
საქართველოს პრემიერს უწმინდესმა მიმართა თხოვნით, ხელისუფლებამ განიხილოს პატრიარქისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების უფლების მინიჭების საკითხი.
როგორც ცნობილია, მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდას პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია. შესაბამისად, უწმინდესის თხოვნის საფუძველზე, მთავრობის მეთაური საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის დაწყების თხოვნით მიმართავს“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.