საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ძიუდოისტს ავთანდილ ჭრიკიშვილს ძიგორო კანოს სახელობის ტოკიოს გრანდ სლემზე ოქროს, ხოლო ნუგზარ ტატალაშვილს ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ულოცავს.
როგორც პრემიერის მისალოც წერილშია აღნიშნული, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით გამოვიდნენ.
“ვულოცავ ჩვენს თანამემამულეებს, ავთანდილ ჭრიკიშვილს და ნუგზარ ტატალაშვილს პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით გამოსვლას. ავთანდილ ჭრიკიშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე საქართველოს ისტორიული ოქროს მედალი მოუპოვა. ჩვენ ყველანი ვამაყობთ მისი გამარჯვებით. ასევე მნიშვნელოვანია ნუგზარ ტატალაშვილის მიერ მოპოვებული ბრინჯაოს მედალი. ვუსურვებ მათ წარმატებებს და კიდევ ბევრ გამარჯვებას ჩვენი ქვეყნის სასახელოდ”, -ნათქვამია მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილი გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. მან ფინალში სამხრეთ კორეელი სეუნგსუ ლი დაამარცხა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ნუგზარ ტატალაშვილი.