"ნაციონალურ მოძრაობას" კონკრეტული თავმჯდომარე არ ეყოლება

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კონკრეტული თავმჯდომარე არ ეყოლება, - აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამართულ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, ის ვეღარ გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას ქვეყანაში, შესაბამისად ვერ დარჩება პარტიის თავმჯდომარედ.

"ის, რომ პოლიტიკური დევნის შედეგად მოხდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პრაქტიკულად მთლიანი იზოლირება ქართული პოლიტიკური და სამართლებრივი სივრციდან ქყვეყნისთვის არის ცალსახად ცუდი და ხელისუფლებისთვის სამარცხვინო, მაგრამ რაც შეხება საკითხის სამართლებრივ მხარეს, ბუნებრივია, ჩვენ როგორც პარტია და როგორც პოლიტიკოსები ვემორჩილებით კანონს, ვემორჩილებით მიღებულ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, გუშინდელი დღის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი აღარ არის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. 3 წელია პარტია გადასულია გუნდურ მმართველობაზე, არსებობს პოლიტიკური საბჭო, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და გენერალური მდივანი და სწორედ ეს სტრუქტურები იღებს გადაწყვეტილებას პარტიაში, ამიტომ არანაირი საჭიროება და მიზანშეწონილობა არ არსებობს ახალი თავმჯდომარის არჩევის. პარტია გააგრძელებს გუნდურ მართვას, პარტიას მართავს პოლიტსაბჭო და გუნდურად, ერთიანად, ერთად ჩვენ აუცილებად შევასრულებთ მთავარ ამოცანას, 2016 წლის არჩევნებით დავამარცხებთ და სახლში გაუშვებთ ამ ხელისფლებას. დავაბრუნებთ ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას, დავაბრუნებთ ქვეყანაში განვითარებას და შევწყვეტთ იმ პოლიტიკურ დევნას, რომლის შედეგიც არის გუშინდელი გადაწყვეტილება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა იგი მაინც პარტიის უპირობო ლიდერად რჩება.

"მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის უპირობო ლიდერია, ამიტომ ნებისმიერი მცდელობა, იქნება ეს სამართლებრივი თუ სხვა სახის ძალადობა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებს "ნაციონალური მოძრაობასა" და მიხეილ სააკაშვილს შორის კავშირის გაწყვეტას. ბიძინა ივანიშვილს, წულუკიანს და მათ მსგავსებს "ქართული ოცნებიდან" ჩვენ სწორედ მიხეილ სააკაშვილთან ერთად დავამარცხებთ 2016 წლის არჩევნებში,"- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ გამოსცა.