თუ ოდესმე არჩევნებში "რესპუბლიკური პარტია" 40%-ს მიიღებს , ან რესპუბლიკელებთანაა საქმე ცუდად, ან ქვეყანაში, ან ორივეში ერთად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საგამოფენო ცეტრ "ექსპო ჯორჯიაში" განაცხადა, სადაც რესპუბლიკური პარტია საერთაშორისო კონფერენციას "დემოკრატიული მოდერნიზაციისთვის" მართავს.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ უსუფაშვილმა თავისი განცხადების მნიშვნელობა უკვე ჟურნალისტებთან განმარტა.
"რაც შეეხება ჩემს განცხადებას იმის თაობაზე, რომ თუ ოდესმე არჩევნებში "რესპუბლიკური პარტია" 40%-ს მიიღებს, ან რესპუბლიკელებთანაა საქმე ცუდად, ან ქვეყანაში, ან ორივეში ერთად. მე ვგულისხმობ იმას, რომ ეს ფორმულა თანაბრად ეხება ყველა პარტიას. თუ გვინდა მრავალფეროვნება, თავისუფლება, უნდა შევეგუოთ იმას, რომ საზოგადოებაში არც ერთ პარტიას არ შეიძლება ჰქონდეს ე.წ. საკონტროლო პაკეტი 50 + 1. ამ ამოცანას პარტია არ უნდა ისახავდეს. პარტიისთვის ეს არ უნდა იყოს აუცილებელი მოთხოვნილება. მაშინ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს ნახევარზე მეტი ჩვენნაირი. რატომ უნდა იყოს ჩვენნაირი, როდესაც ვიცი, რომ არ არის ჩემნაირი. მე თუ ამას მოვითხოვ, მერე სხვაც ხომ ჩემგან ამას მოითხოვს. სხვა შეეცდება იმას, რომ მე მაინცდამაინც მისიანი გავხდე", - განაცხადა უსუფაშივლმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მრავალპარტიულობა და მრავალფეროვნება არის აუცილებელი წინაპირობა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის.
"პარტიებმა უნდა გავაძლიეროთ, გავზარდოთ ჩვენი მხარდამჭერები, მაგრამ არ უნდა დავისახოთ ამოცანად, რომ ახალ კომუნისტურ პარტიად მოვევლინოთ ამ ქვეყანას. ეს ეხება რესპუბლიკელებსაც და ყველა სხვა პარტიასაც. დღეს რესპუბლიკელები ვსაუბრობდით ჩვენ შიდა წრეში, ამიტომ რესპუბლიკელებთან ვიხმარე ეს გამოთქმა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.