სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თქმით, პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, პატიმრები შეიწყალოს.
ეს განცხადება საქართველოს პატრიარქმა რუსთაველის თეატრში გააკეთა, სადაც მსჯავრდებული ქალბატონების მონაწილეობით, სპექტაკლი დაიდგა.
ილია მეორემ პრემიერ-მინისტრს მიმართა და მოუწოდა, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
„პირველი შემთხვევაა, როდესაც პატიმრები გამოდიან თეატრში. საოცარია, რომ ხალხმა ცრემლი ვერ შეიკავა. ჩვენ დავინახეთ ტკივილი და მოქცევა ჩვენი ქართველი ადამიანებისა. ვფიქრობ, ეს ჩვენი ახალი მინისტრის დამსახურებაა. ჩვენ გვქონდა საუბარი ბატონ პრემიერ-მინისტრთან. პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ალბათ ხელისუფლება ამ საკითხს დააყენებს. დალოცვილი იყავით თქვენ და სრულიად საქართველო“, - ბრძანა პატრიარქმა.
წარმოადგენას, პატრიარქის გარდა, პრემიერი, მინისტრები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.