ამერიკის ყოფილი ელჩი ნატო-ში კურტ ვოლკერი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას არ ელოდება. როგორც კურტ ვოლკერმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს ვითარება გამორჩეულია, მას ნატო-სთან პირდაპირი ურთიერთობა აქვს.
"საქართველოს ვითარება გამორჩეულია, მას ნატო-სთან პირდაპირი ურთიერთობა აქვს, მას აქვს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, მას არ აქვს MAP-ი მაგრამ აქვს მისი ექვივალენტი - ნატო-საქართველოს კომისია. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ნატო-ს განსაკუთრებულ აქტიურობას, საქართველოსაც ჰქონდა მცირედი უკუსვლა დემოკრატიის კუთხით. ამავდროულად ნატო-ს ძალიან აშფოთებს რუსეთი, ჩვენ ვხედავთ "გაუყინავ" კონფლიქტებს. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ალიანსის წევრობის ან MAP-ის პროცესის დაჩქარებას", - განაცხადა ვოლკერმა.
კითხვაზე - ელოდება თუ არა, რომ საქართველოს მხარს დაუჭერენ საფრანგეთი და გერმანია, რომლებიც ამ საკითხისადმი კრიტიკულად განწყობით არიან ცნობილნი, ვოლკერი პასუხობს, რომ ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული.
"ეს კონტექსტზეა დამოკიდებული. საფრანგეთის და გერმანიის უარი გარემოებების მიხედვით შეიძლება შეიცვალოს, ამაზე გავლენას იქონიებს საქართველოში სამართლიანი სასამართლო სისტემა, პოლიტიკური დევნის ნაკლებობა, თავისუფალი მედია, მთავრობასა და ოპოზიციას შორის უფრო მოწიფული ურთიერთობა, რაშიც ამჟამად ვფიქრობ, ორივე მხარე დამნაშავეა. ასევე მნიშვნელოვანი იქნება რუსეთთან ურთიერთობა, რომელიც ახლა ძალიან აქტიურობს, რა თქმა უნდა, არიან ქვეყნები, რომლებსაც ასე ვთქვათ "რუსეთის პროვოცირება" არ სურთ. ეს წარმოდგენა შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში და როგორ მოიქცევა რუსეთი", - აცხადებს ვოლკერი.
იმის მიუხედავად, რომ ვოლკერი უახლოეს მომავალში საქართველოს ნატო-ში მიწვევას არ ელოდება, მას მიაჩნია, რომ საბოლოო ჯამში, საქართველოს ატლანტიკურ მიზნებთან ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობა დააახლოებს.