ბელგიის ხელისუფლება პარიზის ტერაქტებთან კავშირში მყოფ ორ ახალ ეჭვმიტანილს ეძებს. ბელგიის პროკურატურის ცნობით, ისინი სავარაუდოდ, ტერაქტების ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორს, ძებნაში გამოცხადებულ სალაჰ აბდესლამს საფრანგეთიდან ბელგიაში ჩასვლაში დაეხმარნენ.
სალაჰ აბდესლამი ერთ-ერთი თვითმკვლელის, ბრაჰიმ აბდესლამის ძმა არის, რომელმაც 13 ნოემბერს ვოლტერის ბულვარზე თავი აიფეთქა.
პოლიციამ აბდესლამის დასაკავებლად რამდენიმე ოპერაცია ჩაატარა, თუმცა უშედეგოდ.
პარიზში ტერაქტების სერიას 130 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 300-ზე მეტი ადამიანი. პასუხისმგებლობა სისხლიანი თავდასხმისთვის "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.