საფრთხეები ბევრია, გამოწვევები უფრო მეტი და პასუხებიც ჩვენი მხრიდან უნდა იყოს სწრაფი და ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალსიტებს განუცხადა.
მისივე თქმით, როგორც ცნობილია, კრიზისების მართვის საბჭოზე პრემიერ-მინისტრმა დაამტკიცა საფრთხეების შესახებ დოკუმენტი და ამის შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა თავდაცვის გეგმების დამტკიცება.
"დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულ მიმართულებები, კონკრეტული თავდაცვის გეგმები პრეზიდენტს გადმოეგზავნება დასამტკიცებლად, ვინაიდან მათი უმრავლესობა მოწონებული იქნა. საფრთხები ბევრია ჩვენი ქვეყნის წინაშე, გამოწვევები კიდევ უფრო მეტი, ვითარება დინამიურია, სწრაფად ცვალებადია და ყველანაირ გეგმაში შესაძლებელია მუდმივად იყოს ცვლილებები შესატანი. ეს დისკუსია მუდმივი პროცესია სწორედ იქიდან გამომდინარე, რაც ერთის მხრივ ჩვენს რეგიონში, მეორეს მხრივ ზოგადად ჩვენს კონტინენტზე ხდება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი წინ წავიდა, კონკრეტული გეგმები უკვე მოწონებულია და დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ხელს მოაწერს და დაამტკიცებს მათ, როგორც ჯარისთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის სამოქმედო გეგმებს. ამ დისკუსიას გავაგრძელებთ და უკვე შემდეგ სხდომებზე ბოლომდე მივიყვანთ", -განაცხადა ხიდაშელმა.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, გუშინ ასევე გაიმართა მისი მოსმენა ნატოსთან დაკავშირებით და როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში დაბრუნდება, ამ თემაზე კონკრეტული გადაწყვეტილებებიც მერე იქნება მიღებული.
"ბუნებრივია ამ თემებზე მის გარეშე რაიმე ტიპის გადაწყვეტილებების მიღება არ მომხდარა. როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამობრძანდება თბილისში, შემდეგ სხდომაზე, დღეიდან ვარშავამდე რა სტრატეგიით ვმოქმედებთ, როგორი კოორდინაციის რეჟიმი გვაქვს ხელისუფლების ყველა იმ წარმომადგენელს, ვისი პირდაპირი საქმიანობაც მათ შორის ეს პროცესიც არის, ამაზეც შევჯერდებით.
ვფიქრობ, დღეს ძალიან საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა იყო, ძალიან ბევრ თემაზე მოვახერხეთ საუბარი და გავაგრძელებთ მუშაობას. საფრთხეები ბევრია, გამოწვევები უფრო მეტი და პასუხებიც ჩვენი მხრიდან უნდა იყოს სწრაფი და ადეკვატური", - განაცხადა გუშინ ხიდაშელმა.
კითხვაზე, ხომ არ აქვს ინფორმაცია, რატომ არ დაესწრო უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერ-მინისტრი, ხიდაშელმა განაცხადა, რომ არ აქვს ინფორმაცია და ეს არის პრემიერის გადასაწყვეტი.