საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა მისგან მხოლოდ მძიმე შეფასებას იმსახურებს.
მარგველაშვილის თქმით, სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმით, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს, ასევე ქვეყანას.
„დღეს მიხეილ სააკაშვილს ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა. სამართლებრივად ესაა ის ერთადერთი პროცედურა, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობა იცნობს. ეს სამართლებრივად, ხოლო პოლიტიკურად ის რომ სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ჩემგან მხოლოდ მძიმე შეფასებას იმსახურებს, იმიტომ რომ ამით რეალურად საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს, ასევე ქვეყანას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ბრძანებულების თანახმად, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მოქალაქეობა დღეს შეუწყდა.