პენსიების ზრდის სანაცვლოდ, მომდევნო წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია პრემიების, ხელფასებისა და დანამატების ზრდა

პენსიების ზრდის სანაცვლოდ, მომდევნო წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია პრემიების, ხელფასებისა და დანამატების ზრდა

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ხელისუფლებას ბიუროკრატიის ხელოვნურად ზრდაში ადანაშაულებს.

როგორც ბარამიძემ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა, ხელისუფლება დაპირებას არ ასრულებს და პენსიას მხოლოდ 20 ლარით ზრდის. მისივე თქმით, პენსიების ზრდის სანაცვლოდ, მომდევნო წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია პრემიების, ხელფასებისა და დანამატების ზრდა.

"თქვენი დაპირება იყო, რომ პენსია იქნებოდა 220 ლარი, თუმცა მხოლოდ 20-ლარით ზრდით ივნისიდან. თქვენ ამ ხნის განმავლობაში ხელოვნურად გაზარდეთ ბიუროკრატია იმისთვის, რომ ნათესავებისთვის, პარტიული აქტივისტებისთვის შეგექმნათ არა კერძო სექტორში დასაქმების შანსი, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებში. სხვა ადამიანებიც დაუსაქმებლები არიან და მათ რა დააშავეს?! ადგილობრივ ხელისუფლებაში, ცენტრალურ აპარატებში, ხშირად ადამიანები ისე სხედან, რომ საერთოდ არაფერს აკეთებენ. ტყუილად უდგათ სკამები, მაგიდები, კომპიუტერები და კომპიუტერებში თამაშის მეტს არაფერს აკეთებენ. ეს ადამიანები იღებენ პრემიას, ხელფასს, დანამატს. ეს ხელისუფლება არ იმსახურებს გაზრდილ ხელფასს, პრემიას და დანამატს", - განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" საუბრობდა პენსიების გაზრდაზე, ამას ხელისუფლება პოპულისტურს უწოდებდა. "თუმცა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამის თანხები გამოიძებნა, თუმცა იზრდება მხოლოდ 20 ლარით, იმ დროს როდესაც იზრდება ხელფასები, პრემიები და დანამატები", - განაცხადა ბარამიძემ.