პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, 450 მილიონი ლარით ხელფასების, პენსიების და დანამატების ზრდა ბიუჯეტში არ ხდება. როგორც ტყემალაძემ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს, ეს თავად უმცირესობამაც "ძალიან კარგად იცის".
"450 მილიონი ლარით ხელფასების, პენსიების, დანამატების ზრდა ბიუჯეტში არ ხდება და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ერქვა სუბსიდიები, იყო დაფარული მუხლი რომელიც გამჭვირვალე გახდა, აისახა ბიუჯეტში და დაერქვა ის რაც ქვია და მთლიანობაში ეს არის ის 450 მილიონი ლარი. მე ამას საზოგადოებისთვის ვლაპარაკობ, უმცირესობამ კი ჩემზე კარგად იცის", - განაცხადა ტყემალაძემ.
მანვე საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი ბარამიძეს მიმართა და შეახსენა თუ როგორ იზრდებოდა პენსია 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ.
"ხშირად ხდება ხოლმე სიცრუის ტირაჟირება – "ჩვენ მოვითხოვეთ პენსიის გაზრდაო". მე ძალიან კარგად ვიცი, ბატონო გიორგი თქვენი მოღვაწეობა მმართველ პარტიებში, ჯერ "მოქალაქეთა კავშირში", შემდეგ კი "ნაციონალურ მოძრაობაში". როგორ იზრდებოდა პენსიები ამ პერიოდში: 9-ლარიანი პენსია გახდა 17, შემდეგ 37, 40 და ასე ძლივს ავიდა და 2012 წელს გაზარდეთ 100 ლარამდე. ჩვენ 2012 წლის შემდეგ, მეოთხე წელიწადს უკვე 80%-ით ვზრდით. თუმცა, ჩვენ არასდროს ვიძახით რომ ეს პენსია საკმარისია. რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მეტია საჭირო. ამასთან, არის დახმარებები სოციალურად დაუცველ პირთათვის, პენსიონერებისთვის", - განაცხადა ტყემალაძემ.