პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს. მას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე ესწრებიან.

უშიშროების საბჭოს სხდომის გასახილველი თემაა არსებული და გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე თავდაცვის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები.

როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, ეროვნული უშიშროების საბჭო არის პრეზიდენტის სათათბირო ორგანო და პრეზიდენტს უფლება აქვს გაეცნოს ქვეყანაში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას.

უშიშროების საბჭოს სხდომას მუდმივი წევრებიდან არ ესწრებიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.