იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის შეფასებით, მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით, კომპრომისული ვარიანტი შემუშავდა.
პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე ბარამიძემ განმარტებები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის დაწყებისას გააკეთა, სადაც სწორედ "სისხლის სამართლის საპროცესო" კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავენ.
"შემუშავდა კომპრომისული ვარიანტი: - ერთი მხრივ, პირს არ ექნება ვალდებულება, გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოებში და გამომძიებელს, პოლიციელს ჩვენება მისცეს. ამის სანაცვლოდ, ე.წ. გამოკითხვის ინსტიტუტი ამოქმედდება - როდესაც პირი, საკუთარი სურვილის შემთხვევაში, უფლებამოსილია, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელს ინფორმაცია მისცეს, მაგრამ ინფორმაციის მიცემის ვალდებულება არ ექნება. მაგრამ თუკი გამომძიებელს, პროკურორს აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა მომხდარი დანაშაულის შესახებ იცის, მაგრამ ამის მიუხედავად, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და გამოკითხვაზე უარს ამბობს, პროკურორის, გამომძიებლის შეამდგომლობით, ასეთი პირი შეიძლება მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხოს. ეს კომპრომისული ვარიანტი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მოწმის უფლებას, რომ საგამოძიებო ორგანოში მისი დაბარება, დაკითხვა შესაძლებელი არ იქნება. მეორე მხრივ, უზრუნველყოფს საგამოძიებო ორგანოების შესაძლებლობას, გარკვეულ შემთხვევაში მოხდეს პირის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვა ისე, რომ მოიპოვონ ინფორმაცია დანაშაულის შესახებ", - განმარტავს ალექსანდრე ბარამიძე.