თურქეთი და აზერბაიჯანი ტრანსანატოლიური გაზსადენის, TANAP-ის მშენებლობას დააჩქარებენ. ამის შესახებ აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფმა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, თურქეთისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება 2018 წლამდე დაიწყება.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ერთობლივი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები მნიშვნელოვანია არამხოლოდ ორივე ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.
"TANAP-ის რეალიზებაში სირთულეებს არ ვაწყდებით. დღეს ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი 2018 წელს, დროულად ამოქმედდება, თუმცა, შესაძლოა, ეს ვადაზე ადრეც მოხდეს. თურქეთი და ევროპის ქვეყნები ახალ, ალტერნატიულ წყაროს მიიღებენ", - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ TANAP საშუალებას მისცემს თურქეთს, გაზარდოს იმპორტირებული აზერბაიჯანული გაზის მოცულობა 6 მილიარდი კუბური მეტრით ყოველწლიურად. აღნიშნული პროექტის საშუალებით, ბაქო ევროპაში წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრის ექსპორტირებას შეძლებს. ტრანსანატოლიური გაზსადენი თურქეთზე გაივლის საქართველოს საზღვრიდან თურქეთ-საბერძნეთის საზღვრამდე. ამ გაზსადენზე მიწოდება დაგეგმილია აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან, საქართველოს გავლით თურქეთში და შემდეგ- ევროპაში.
აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2016 წლის პირველ ნახევარში გაიხსნება.