ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით 15 დეკემბრისთვის მივიღებთ საუკეთესო შეფასებას საქართველოს მხარეზე დამოკიდებული სამუშაოების შესრულების მხრივ, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ თითოეული მუხლი და თითოეული პუნქტი შესრულებულია.
"ამ მიმართულებით ჩვენ სრულყოფილად შევასრულეთ სამუშაოები და სწორედ ამას იტყვის 15 დეკემბრის დოკუმენტი, რომელიც შეაფასებს საქართველოს ძალისხმევას, რომ ჩვენ ყველაფერი სრულყოფილად შევასრულეთ. რაც შეეხება შემდგომ პროცესს, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირდება, ნებისმიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე მოქმედებს ის პოლიტიკური ვითარება, რაც რეგიონშია. თუმცა, ჩვენ გვაქვს განცდა და ამ განცდას იზიარებს ევროკავშირიც, რომ არალეგალური მიგრაციის პრობლემა არ უნდა უკავშირდებოდეს რეგულირებულ მობილურობას, პირიქით, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის ბოლო დოკუმენტი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ის სახელმწიფოები, რომლებიც ამ მიმართულებით ახორციელებენ რეფორმებს, მათ მოქალაქეებს უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავისუფალი მიმოსვლის. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ეტაპზე 15 დეკემბრისთვის მივიღებთ საუკეთესო შეფასებას საქართველოს მთავრობაზე, ქართულ მხარეზე დამოკიდებული სამუშაოების შესრულების მხრივ. ამის შემდეგ ჩვენ ვიწყებთ მუშაობას პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
15 დეკემბერს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რიგით მეოთხე ანგარიში გამოქვეყნდება.