ერდოღანის ინფორმაციით ISIS-გან ნავთობს რუსეთის მოქალაქე ყიდულობს

ერდოღანის ინფორმაციით ISIS-გან ნავთობს რუსეთის მოქალაქე ყიდულობს

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ის ფლობს ინფორმაციას რუსეთისა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის ნავთობით ვაჭრობის ფაქტებთან დაკავშირებულ გარიგებებზე.

თურქეთის ლიდერმა „ისლამური სახელმწიფოსგან“ ნავთობის ერთ-ერთ მყიდველად, რუსული პასპორტის მფლობელი, სირიელი ბიზნესმენი ჯორჯ ჰასვანი დაასახელა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა რუსეთის წაყენებული ბრალდება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ნავთობის უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ უარყო და განაცხადა, რომ რუსეთისა და ტერორისტული დაჯგუფების გარიგებების დამადასტურებელ ფაქტებს ის მთელ მსოფლიოს აჩვენებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის უწყებამ თურქეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და თავად პრეზიდენტ ერდოღანის ოჯახი ნავთობით უკანონო ვაჭრობაში დაადანაშაულა.

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებების ნამდვილობას დაამტკიცებს, ერდოღანი თანამდებობიდან გადადგება.