საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის მტკიცებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ლიდერად დაბრუნების ალბათობა არ არსებობს.
"პირდაპირ გეუბნებით, არ არის მისი პოლიტიკური გუნდის სათავეში მოსვლის ალბათობა. მე ასე ვიცი და ასე მჯერა. მხარდაჭერა და თანადგომა იქნება ისეთი, როგორც მან თავად განაცხადა", - აღნიშნა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ამის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი საარჩევნოდ კოალიციას მხარს "კიდევ უფრო მეტად დაუჭერს".
"მე რაც ვიცი, ეს ის არის, რაც თავად ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მან კი თქვა, რომ კიდევ უფრო მეტად დაუჭერს მხარს "ქართულ ოცნებას". ეს არ ნიშნავს მის პოლიტიკურ ამბიციას", - განმარტა ვოლსკიმ.
მმართველი გუნდის წევრმა ზვიად ძიძიგურმა გუშინ განაცხადა, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" 2016 წლის არჩევნებშიც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მიიღებს მონაწილეობას.