თავდაცვის სფეროში კორუფციული გარემოს გაუმჯობესების კუთხით საქართველომ სერიოზული პროგრესი განიცადა და მაღალი დონის კორუფციული რისკის ჯგუფიდან საშუალო რისკის ჯგუფში გადაინაცვლა , - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ბესიკ ლოლაძემ თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, 2015 წლის მთავრობის ანტიკორუფციული ინდექსი თავდაცვის სფეროში საერთაშორისო გამჭვირვალობა დიდი ბრიტანეთის მიერ გამოქვეყნდა და ც ჯგუფში საქართველოსთან ერთად არიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია, სამხრეთ კორეა, პოლონეთი. ამასთან, ლოლაძის ინფორმაციით, ზოგიერთი მაჩვენებლის მიხედვით, როგორიცაა ადამიანურ რესურსებთან და ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები საქართველოს ლიდერი პოზიცია უკავია. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყნის მნიშვნელოვანი წინსვლა თავდაცვის სფეროში მიმდინარე წარმატებული რეფორმებითაა განპირობებული.
"წინსვლა გამოწვეულია იმ რეფორმებით, რომელიც ტარდება თავდაცვის სამინისტროში. თავდაცვის სამინისტრო დახურული უწყებიდან გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე ღია და საჯარო უწყებად საქართველოში, გააქტიურდა მასმედიასთან ურთიერთობა, ასევე გააქტიურდა საპარლამენტო კონტროლი და გაიზარდა მათი ეფექტიანობა საქართველოს თავდაცვის სისტემის მიმართ, გატარდა რეფორმები პერსონალის მართვის, შესყიდვების, თავდაცვის ბიუჯეტირების მიმართულებით. სამინისტროში მიმდინარეობს ყოველდღიური ზრუნვა კეთილსინდისიერების ამაღლებაზე, მონიტორინგი ანტიკორუფციული გარემოს გაუმჯობესებისთვის. ჩვენ ნატოელ პარტნიორებთან ერთად ანტიკორუფციული გეგმაც შევიმუშავეთ, რომელსაც მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ და ვასრულებთ", - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძემ.