რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, თურქ კოლეგა მევლუდ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ რუსული მოიერიშის ჩამოგდების თაობაზე ვერანაირი სიახლე ვერ მოისმინა.
რუსი დიპლომატის განცხადებით, მოლაპარაკებების ფარგლებში, მან კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთის მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოგდების ინციდენტზე, რომელიც თურქულმა F-16-მა ჩამოაგდეს.
„ჩვენ შევხვდით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მისი დაჟინებული თხოვნის საფუძველზე, მაგრამ ვერაფერი ახალი ვერ მოვისმინეთ. თურქმა მინისტრმა დაადასტურა ის მიდგომები, რაც საჯაროდ გააჟღერეს თურქეთის პრემიერმა და პრეზიდენტმა. ჩვენ კი ჩვენი შეფასებები გავაჟღერეთ“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
თავის მხრივ, მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დადებითად წარიმართა და მხარეებს არ სურთ კონფლიქტის ესკალაცია.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბელგრადში, ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. მოლაპარაკებები დახურულ ფორმატში წარიმართა.