უკრაინულ საიტზე "uareview.in.ua" ახალი აუდიო ჩანაწერი ვრცელდება, სადაც სავარაუდოდ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის და მისი ძმის ლადო გაბაშვილი საუბარია ჩაწერილი.
ჩანაწერში გოკა გაბაშვილი მიხეილ სააკაშვილს გიჟად მოხისენიებს და "ნაციონალური მოძრაობაში" კლანურ დაპირისპირებებზე საუბრობს.
გაბაშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს და მას არაკორექტულად მოიხსენიებს. საუბარი ასევე „ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერებსაც ეხება.
„იმის მაგივრად ბიძინაზე ფიქრობდეს, ჩვენზე ფიქრობს. ჯერ ოდესაზე უნდა ფიქრობდეს წესით, მერე ბიძინაზე და ბოლოს ჩვენზე. პირველ რიგში ჩვენზე ფიქრობს და მერე სხვა დანარჩენზე. ეჭვიანობს რა. ეჭვიანობს, რომ ისე დავლაგდებით, რომ ეგ აღარ დაგვჭირდება. გიჟია რა… რად უნდა უნდოდეს ბაჩოს და ადეიშვილის დალაგებული პარტია, არ გამოჩნდება რომ ბაჩო და ადეიშვილი ალაგებენ, თუ რა? ხალხი დიდი აღფრთოვანებით შეხვდება ამ ორი დიდი მოღვაწის პოლიტიკაში გაბლატავებას თუ რა იქნება? იმის მაგივრად რომ მალავდეს და ბოლოში აჩოჩებდეს თავის "პაზორნი" ძალოვანებს, ისევ იმათ ეყრდნობა და მაინც მათი იმედი აქვს. ხელისუფლების გიჟია, მონები უნდა, არ უნდა ადამიანები, რომლებიც ჯანმრთელები არიან, ჩვენ მონები ვერ გავხდებით. სამ კვადრატულ მეტრში მყოფ გიგის ებრძვის იქიდან, მაგდენი ნამუსიც არ აქვს, რომ გიგისთან ბრძოლა არ იკადროს”, - აღნიშნავს გოკა გაბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე.
ამავე ჩანაწერში გოკა გაბაშვილი თანაპარტიელ გიორგი ვაშაძეზეც საუბრობს.
"ჭიათურელი ნაგლი კომკავშირელია, ღირებულებების და პრინციპების გარეშე",- აღნიშნავს ვაშაძეზე გოკა გაბაშვილი.
აღნიშნული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა, ამ დრომდე, არ დადასტურებულა.