ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ენერგეტიკულ ქარტიას შეუძლია საჭირო ინსტიტუციონალური პლატფორის შეთავაზება, გლობალური და რეგიონული ენერგეტიკული მართვისთვის.
როგორც ვიცე-პრემიერმა ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრის გახსნაზე განაცხადა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში შესწავლილ იქნა თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები ელექტროენერგეტიკაში, რისი დასტურიცაა ის, რომ საქართველომ ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტი განახორციელა.
მინისტრი განმარტავს, რომ პროექტი აფართოებს საქართველოს გადამცემ სისტემას მეზობელი სახელმწიფოების მიმართულებით.
„პროექტის ლოგიკური გაგრძელება მოიცავს რუსეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთიანი ქსელის ჩამოყალიბებას იმისთვის, რომ შეიქმნას რეგიონალური ენერგეტიკული ბაზარი. დღეისთვის საქართველომ დაასრულა 500 კილოვატიანი გადამცემი ხაზის მშენებლობა აზერბაიჯანთან. მოახდინა რუსეთთან დამაკავშირებელი 500 კილოვატიანი გადამცემის რეაბილიტაცია და უახლოეს ხანში დაგეგმილი გვაქვს სომხეთთან დამაკავშირებელი გადამცემი ხაზის ექსპლუატაციაში გაშვება“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ არსებული და დაგეგმილი დამაკავშირებელი ხაზების მეშვეობით, შესაძლებელი ხდება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ელექტროსისტემის დაკავშირება, რაც საქართველოს „ენერგეტიკული ხიდის“ ფუნქციას სძენს.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, ელექტროენერგიით ორმხრივი ვაჭრობა რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ელემენტია, თუმცა მრავალმხრივი შეთანხმებებია საჭირო იმისთვის, რომ გამოყენებული იქნას რეგიონალური პოტენციალი.
„მნიშვნელოვანი ინვესტიციებია საჭირო იმისთვის, რომ აშენდეს ურთიერთდამაკავშირებელი ხაზები და გაფართოვდეს გენერირების შესაძლებლობები. საქართველო არის ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულების დამფუძნებელი წევრი. ქარტიას შეუძლია შემოგვთავაზოს საჭირო ინსტიტუციონალური პლატფორმა გლობალური და რეგიონული ენერგეტიკული მართვისთვის. მჯერა, რომ ელექტროენერგიის დერეფნის განვითარება მთელ სამხრეთ კავკასიაში მოუტანს რეგიონს სარგებელს“, - განაცხადა კალაძემ.
მინისტერიალზე განიხილება რეგიონში ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის საკითხები, სატრანზიტო ინფრასტრუქტურა და ინვესტიციების მიმართულებით, ენერგეტიკული ქარტიის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და სამომავლო პერსპექტივები.