პრეზიდენტს ინფორმაციას მივაწვდით იმ გადაწყვეტილებებზე, რაც კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე მივიღეთ

პრეზიდენტს ინფორმაციას მივაწვდით იმ გადაწყვეტილებებზე, რაც კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე მივიღეთ

უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე თავდაცვის ორგანიზებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდგომ არსებული ვითარება და ტერორიზმის საფრთხეები განიხილება, - ამის შესახებ "ინტრეპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა შესაბამის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხები უკვე განიხილა კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭომ, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ დღეს პრეზიდენტს ინფორმაცია მიეწოდება.

"დღევანდელ სხდომაზე განიხილება არსებული და გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე თავდაცვის ორგანიზებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდგომ არსებული ვითარება და ტერორიზმის საფრთხეები. მანამდე გაიმართა კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, სადაც ამ საკითხებზე იყო დეტალური განხილვა და რომელზეც გადაწყდა მთელი რიგი ღონისძიების გატარება. პრეზიდენტს ეს ინფორმაცია მიეწოდება", - განაცხადა სესიაშვილმა.

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ პირადად ის უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება.

"ეროვნული უშიშროების საბჭო არის პრეზიდენტის სათათბირო ორგანო. ის იმართება იმის მიხედვით და იმ საკითხებზე, რაზეც პრეზიდენტი ფიქრობს, რომ სჭირდება თათბირი, კონსულტაცია, რჩევის მიღება. მე ამ შემთხვევაში მას დავესწრები, როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი. თუ ჩავთვლი საჭიროდ, რომ ჩემი აზრი გამოვთქვა იმ საკითხთან დაკავშირებით, რა საკითხიც დადგება დღის წესრიგით, მას დავაფიქსირებ და ამ ფორმით მივიღებ სხდომაში მონაწილეობას", - განმარტა ირაკლი სესიაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად სწორია, რომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრი არ დაესწრება, დეპუტატის განცხადებით, აღნიშნულზე ვერ ისაუბრებს, რადგან ირაკლი ღარიბაშვილის დღის წესრიგი მისთვის უცნობია.