ერაყელმა ქურთებმა უარყვეს რუსეთის ბრალდება იმის შესახებ, რომ თურქეთი "ისლამური სახელმწიფოსგან" კონტრაბანდულ ნავთობს ყიდულობს.
როგორც ქურთისტანის ავტონომიის პარლამენტის ენერგეტიკული კომიტეტის თავმჯდომარემ შერქო ჯევდეთმა განაცხადა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი "მტკიცებულებები" სიმართლეს არ შეესაბამება. მისი ინფორმაციით, უწყების მიერ გამოქვეყნებული ფოტოსურათები, სადაც, როგორც რუსული მხარე ამტკიცებს, "ისლამური სახელმწიფოს" კუთვნილი ნავთობის ცისტერნებია ასახული, სინამდვილეში ქურთებს ეკუთვნის, რომლებსაც ნავთობი ქურთისტანიდან თურქეთის ჯეიხანის ტერმინალში ჩააქვთ.
"ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ ქურთისტანიდან თურქეთში ნავთობი ასობით ნავთობმზიდს ჩააქვს. რუსეთის განმარტებები არასწორ წყაროებს ეყრდნობა. ჩვენ რუსეთის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფთ", - განაცხადა ჯევედეთმა.
მანამდე, რუსეთმა თურქეთის ხელისუფლება "ისლამური სახელმწიფოსგან" ნავთობის შესყიდვაში დაადანაშაულა. ანკარამ აღნიშნული უარყო და რუსეთის მიმართ ანალოგიური ბრალდებით გამოვიდა.