პრემიერის განცხადებით, ენერგორესურსებზე მოთხოვნა იზრდება და ამ ვითარებაში გამოწვევაა ენერგორესურსებზე მზარდი დამოკიდებულება, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თითოეული ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
როგორც პრემიერმა ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ენერგეტიკული უსაფრთხოების მაღალი ხარისხის მიღწევა შეუძლებელია რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების გარეშე.
"ჩვენთვის დიდი პატივია, რომ წელს საქართველო მასპინძლობს ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას ევროპის ენერგეტიკული ქარტიისა, რომელიც 50-ზე მეტ სახელმწიფოს აერთიანებს. მისასალმებელია, რომ ქარტია ხელს უწყობს სამართლებრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და სრულყოფას და თავის საქმიანობით მინიმუმამდე ამცირებს ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებთან და სატრანზიტო პოლიტიკასთან დაკავშირებულ რისკებს.
მოგეხსენებათ, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება, დღითი დღე იზრდება ენერგეტიკულ რესურსებზე მოთხოვნა. ამ ვითარებაში დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა ენერგორესურსებზე მზარდი დამოკიდებულება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მსოფლიოს ეკონომიკურ განვითარებას და თითოეული ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
სწორედ ამიტომ, ყველა სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა ენერგოდივერსიფიკაციის ახალი გზებისა და საშუალებების მოძიება. ენერგეტიკული უსაფრთხოების მაღალი ხარისხის მიღწევა კი შეუძლებელია რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების გარეშე.
ამიტომაც საქართველოს, როგორც ენერგეტიკული ქარტიის თავმჯდომარე ქვეყნის, ინიციატივა იყო სამხრეთ კავკასიაში ელექტროენერგიით ვაჭრობის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება. ამისათვის შეიქმნა პოლიტიკური პლატფორმა როგორც ჩრდილოეთ-სამხრეთ, ისე დასავლეთ-აღმოსავლეთ ენერგეტიკული დერეფნების ქვეყნებისთვის და განხილულ იქნა ქმედითი სატრანსპორტო დერეფნების შექმნისა და რეგიონალურ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები.
მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე თურქეთთან დამაკავშირებელი ახალი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ექსპლუატაციაში 2013 წელს შევიდა, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წამოადგენს. შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის ლოგიკური გაგრძელება კი გულისხმობს რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ჩართვას ელექტროენერგიის რეგიონალურ ბაზარში, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას რეგიონში.
ასევე, წარმატებული რეგიონალური თანამშრომლობის დადასტურებაა ბაქო-თბილისი-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და "სამხრეთ კავკასიური გაზსადენის" პროექტები. როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად მიმდინარეობს "სამხრეთ კავკასიური გაზსადენის სისტემის გაფართოების" პროექტი, რომელიც "სამხრეთ გაზის დერეფნის" ამოქმედებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.