რუსეთმა სირიის პროვინცია ჰომსში ახალი ბაზის კეთილმოწყობა დაიწყო. როგორც "ბიბისი" სირიელ უფლებადამცველებსა და სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება , რუსმა სამხედროებმა ქალაქ ჰომსის სიახლოვეს მდებარე შაირათის აეროდრომზე ახალი ასაფრენი ბილიკების მშენებლობა დაიწყეს. გარდა ამისა, ქალაქ პალმირას რაიონში "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე ავიადარტყმების მისატანად, რუსული ავიაცია სამხედრო აეროდრომ ტ-4-ს იყენებს.
წყაროების თანახმად, რამდენიმე კვირის წინ პროვინცია ჰომსში რუსი სამხედრო მრჩევლები ჩავიდნენ. ახალი ბაზა ფუნქციონირებას თვის ბოლომდე დაიწყებს.
სააგენტო "როიტერი" ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთმა შაირათის აეროდრომზე სპეციალური აღჭურვილობის გაგზავნა უკვე დაიწყო.
რუსული სამხედრო-საჰაერო ძალები სირიის ტერიტორიას 30 სექტემბრიდან ბომბავენ. მოსკოვში აცხადებენ, რომ მათი მთავარი სამიზნე "ისლამური სახელმწიფოა", თუმცა დასავლეთში ეჭვობენ, რომ რუსული ავიაცია ზომიერ ოპოზიციასაც ბომბავს.