ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, 13 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში, გარკვეული მიკერძოებულობა შეინიშნება.
როგორც ნიკოლაიშვილმა „პირWელთან“ საუბრისას განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება, სხვადასხვა იურიდიულ პირს არათანაბარ პირობებში აყენებს.
"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერსად ვერ გაასაჩივრებ, თუმცა გარკვეული მიკერძოების კვალი ჩანს აქ. იმიტომ, რომ დასაბუთება დამაჯერებელი არ არის. მედიაც ისეთვივე ორგანიზაციაა, როგორც ნებისმიერი სხვა მომგებიანი ორგანიზაცია. ფაქტობრივად, სხვადასხვა იურიდიულ პირს არათანასწორ პირობებში აყენებს იმიტომ, რომ ერთ იურიდიული პირის დავის შემთხვევაში, შესაძლოა, დროებითი მმართველის დანიშვნა, მედიის შემთხვევაში - არა. ლოგიკურად, ეს იურიდიული პირების სხვადასხვა მდგომარეობაში ჩაყენებას ნიშნავს, ამიტომაც გარკვეული მიკერძოებულობის ელფერი დაჰკრავს", - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე "შპს ტელეკოპმანია საქართველო - საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლები - 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადება და 271-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის მოქმედება შეაჩერა.
კერძოდ, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, იურიდიული პირის - მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალების ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების, მათ შორის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და 91 მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილების დროებითი მმართველისათვის მინიჭება შეჩერდა.
აღნიშნული ნორმატიული შინაარსის ქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდეა შეჩერებული.