მოსამართლეების შესარჩევი კონკურსის მოახლოებასთან ერთად დაიწყო მიზანმიმართული კამპანია ლევან მურუსიძის კანდიდატურის დისკრედიტაციის მიზნით და სამწუხაროა, რომ ამ კამპანიის ერთ-ერთი აქტიური ლიდერია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის განცხადებაში.
როგორც მოსამართლეთა ასოციაცია მიიჩნევს ზაზა ხატიაშვილის განცხადებები აზიანებს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ღია და გამჭვირვალე პირობებში ჩატარების პროცესს.
"საყოველთაოდ ცნობილია, რომ მოსამართლის ადგილის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობას იღებს სხვა კანდიდატებთან ერთად მოქმედი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, რომელსაც გააჩნია მოსამართლედ მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბატონმა ლევანმა საბჭოს მდივნის თანამდებობა დაიკავა მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობის სურვილით და მხარდაჭერით. კონკურსის მოახლოებასთან ერთად დაიწყო მიზანმიმართული კამპანია ლევან მურუსიძის კანდიდატურის დისკრედიტაციის მიზნით. სამწუხაროა, რომ ამ კამპანიის ერთ-ერთი აქტიური ლიდერია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომელიც თავად უნდა იყოს თითოეული საზოგადოების წევრის დამცველი და არა საწინააღმდეგო მხარეს მდგომი პერსონა. საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ბატონი ზაზა ხატიაშვილის განცხადებები აზიანებს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ღია და გამჭვირვალე პირობებში ჩატარების პროცესს, კანდიდატებს აყენებს არათანაბარ პირობებში და საბოლოო ჯამში იწვევს სასამართლო სისტემაში არაჯანსაღი გარემოს შექმნის მცდელობას", - ნათქვამია მოსამართლეთა ასოციაციის განცხადებაში.
ასოციაციას მიაჩნია, რომ ნებისმიერმა უსაფუძვლო განცხადებამ, მითუმეტეს, ისეთი მაღალი ცნობადობის პირის მიერ, როგორიცაა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, შესაძლოა გამოიწვიოს საზოგადოებაში გარკვეული ნიჰილისტური განწყობის გაჩენა სრულიად სასამართლო სისტემის მიმართ.
"საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მშვიდ ვითარებაში და ნორმალურ გარემოში იმსჯელოს. მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო ხელისუფლების არსებობა, თავი შეიკაოს მსგავსი ტიპის აშკარად მცდარი, უსარგებლო და არაეთიკური განცხადებებისგან. გამოიჩინონ მაღალი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და პატივისცემით მოეკიდონ, როგორც მოსამართლეების მიერ, ისე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადება არ ემსახურება როგორც საზოგადოებაში, ისე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით ჯანსაღი გარემოს შექმნას. ყველასთვის თვალნათელია, რომ ის მიზანმიმართულია აშკარად პროვოკაციული განცხადებებისაკენ, რამაც საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სარგებლობს როგორც მოსამართლეთა, ისე საზოგადოების მაღალი ნდობითა და პატივისცემით.
"საბჭოს მიერ საკადრო საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებები განპირობებულია სასამართლოს სისტემის წინაშე არსებული გამოწვევებით და საკანონმდებლო რეალიებით. მოსამართლეობის მსურველ კანდიდატთა ვინაობა საჯაროა და ღიაა ყველა დაინტერესებული პირისათვის. საქართველოს ყველა მოქალაქე უფლებამოსილია თავისი მოსაზრებები ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებით მიაწოდოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს", - ნათქვამია განცხადებაში.