მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების აკრძალვის ინიციატივა შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ეკუთვნის და სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში ახალი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნული პროექტი მთავრობისა და ხელისუფლების წევრებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარუდგინა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროგრამა რეალურ საჭიროებებს პასუხობს და მისი მიზანია, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა- მძღოლების, მგზავრების და ქვეითების უსაფრთხოებისა და დაცულობის გაუმჯობესება საქართველოში.
საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ახალი პროგრამით არის გათვალისწინებული, მოიცავს: ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზების წინააღმდეგ ადმინისტრირების გაუმჯობესებას; სამგზავრო ავტობუსების მოძრაობაზე კონტროლის გაუმჯობესებას; ქვეყანაში არსებული ავტოპარკის განათლების წახალისებას; სიჩქარის მობილური დეტექტორების გამოყენებას; გზებზე და ქალაქებში არსებული „შავი წერტილების“ განეიტრალებას; მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზრუდვას 2016 წლის მარტიდან; ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის გამკაცრებას; მოძრაობის წესების დარღვევებზე ქულების სისტემის შემოტანას; მართვის მოწმობის ტესტის გადატანას რეალურ მოძრაობაში და სხვა.
ასევე განხორციელდება ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია, საგზაო უსაფრთხოების საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.