"თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დროებითი მმართველის ინსტიტუტში დაინახა საფრთხე, მაშინ რა დააშავეს სხვა, ვიწრო სპეციალიზაციის პროფილის კომპანიებმა“

"თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დროებითი მმართველის ინსტიტუტში დაინახა საფრთხე, მაშინ რა დააშავეს სხვა, ვიწრო სპეციალიზაციის პროფილის კომპანიებმა“

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, მხოლოდ ერთი წრის მიმართ დროებითი მმართველის ინსტიტუტის ნორმების შეჩერებას, დისკრიმინაციულად აფასებენ.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 13 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომელის მიხედვითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ მუხლების მოქმედება შეჩერდა, რომლებიც გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით - დროებითი მმართველის ინსტიტუტის მოქმედებას ითვალისწინებს, ქონების იძულებითი მართვის სახით, დაუსაბუთებელია.

მისი შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილების საოქმო ჩანაწერით ჩანს, რომ ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სხვა სახის იურიდიულ პირებთან მიმართებით, დროებითი მმართველის ინსტიტუტის მოქმედება, არ შეჩერებულა.

"არსებული პრაქტიკით, არ გვხდება შემთხვევა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმის მოქმედება შეეჩერებინოს მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის სუბიექტთან მიმართებაში და არა ზოგადად ყველა იმ პირთან მიმართებაში, რომელსაც ეს ნორმა შეიძლებოდა შეხებოდა. მით უმეტეს, ამ შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე „შპს ტელეკომპანია საქართველო“, ზოგადად მოითხოვდა სადავო ნორმების შეჩერებას და არა მხოლოდ კონკრეტულად მასობრივი კომუნიკაციის ბეჭვდითი ან ელექტრონული საშუალებებთან მიმართებაში“, - აღნიშნა კაიკაციშვილმა.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლოს სადავო ნორმების შეჩერებით, გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება არ მოუხდენია, ხოლო წარმოდგენილი მსჯელობა კი მნიშვნელოვან კითხვებს ტოვებს.

„მსჯელობას იწვევს სასამართლოს შეხედულება, რომლის მიხედვითაც, „სამაუწყებლო კომპანიის ეფექტური მართვა, მისი რეიტინგის ზრდაზე ზრუნვა, საზოგადოების მოთხოვნილებებზე მორგებული პროდუქტის შეთავაზებას მოითხოვს. ამ პირობებში საწარმოს მართვის დროებითი მმართველისათვის გადანდობა, რომლის უპირველეს და უმთავრეს დანიშნულებას დავის მიმდინარეობის პერიოდში ქონების დაცვა, მისი შენახვა წარმოადგენს, აჩენს მნიშვნელოვან ეჭვებს მართვის ეფექტურობის თვალსაზრისით. გაუგებარია, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა ამ მორგებულობის ხარისხის განსასაზღვრად სასამართლომ, როგორ ადგენს იგი, თუ რა არის მისთვის დღევანდელ საზოგადოებრივი მოთხოვნილებებზე მორგებული პროდუქტი, რაც ბუნდოვანია იმ ფონზე, როდესაც მთელმა რიგმა პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა თუ სხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების დასაბუთებაში ინფორმაციის ობიექტურ და სამართლიან გაშუქებაზე ყურადღების გამახვილება“, - განმარტა კაიკაციშვილმა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი აქცენტს აკეთებს სასამართლოს მსჯელობის იმ ნაწილზეც, თუ რატომ არ მოახდინა სადავო ნორმების შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლომ იმ სუბიექტთა ზოგად წრეზეც, ვისაც იგი შეიძლება შეხებოდა მომავალში.

„თუ საკონსტიტუციო სასამართლომ რეალურად, დროებითი მმართველის ინსტიტუტში დაინახა საფრთხე, მაშინ რა დააშავეს სხვა, ვიწრო სპეციალიზაციის პროფილის კომპანიებმა, რომლებიც შეიძლება უახლოეს მომავალში ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ არ იქნა მათი დაცულობა გარანტირებული. თუ სასამართლო, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, ნორმების მოქმედების შესაძლო საფრთხეებს დაინახავდა, ლოგიკურია, შეზღუდვა უნდა გავრცელებულიყო ფართო წრის მიმართაც. მოცემულ შემთხვევაში, ჩვენ მივიღეთ დისკრიმინაციული მიდგომა - შეჩერება გამოყენებულია მხოლოდ ერთი სახეობის სუბიექტის, კერძოდ იურიდიული პირის - მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებასთან მიმართებაში, ხოლო თუ ასეთ საფრთხეებს სასამართლო ვერ დაინახავდა, შესაბამისად, ნორმის მოქმედებაც არ შეჩერდებოდა“, - აღნიშნა არჩილ კაიკაციშვილმა "პირველ პრესკლუბში".

მისი ინფორმაციით, ორგანიზაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებისთვის მიმართავს.

„გაუგებარია, რის საფუძველზე აცხადებს სასამართლო, რომ დადგენილია, საერთო სასამართლოებში, სხვა სამოქალაქო საქმეებზე, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, დროებითი მმართველი  დანიშნული არ არის. ამასთან, მნიშვნელოვანია განმარტებები იმ მსჯელობაზეც, თუ რატომ არ უშვებს სასამართლო იმის შესაძლებლობას, როდესაც საოქმო ჩანაწერში არ მჯელობს, რომ დღევანდელი მმართველის პირობებშიც, არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, კომპანიის მართვა განხორციელდეს არასწორი მიმართულებით, გახდეს მეტად წამგებიანი, ზიანის მომტანი დაინტერესებული მხარისთვის. რამდენად საფუძვლიანად არის შეფასებული სამართლიანი სასამართლოსა და მართლზომიერების პრინციპებიდან გამომდინარე, აღნიშნული გარემოებები.

ცნობისთვის, შესწავლილმა ტენდენციამ ცხადყო, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, გასული ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელების განმხილველი მხოლოდ 1-ელი სასამართლო კოლეგიაა, როდესაც სასამართლოში ფუნქციონირებს მე-2 განმხილველი კოლეგიაც. ორგანიზაცია ფიქრობს, რომ აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით, სასამართლო სპეციალურად ამისამართებს სარჩელებს იმ მოსამართლეებთან, რომლებსაც მხოლოდ კონკრეტული დავალებები გააჩნიათ“, - აცხადებს კაიკაციშვილი.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე "შპს ტელეკოპმანია საქართველო - საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლები - 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადება და 271-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის მოქმედება შეაჩერა.

კერძოდ, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, იურიდიული პირის - მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალების ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების, მათ შორის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და 91 მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილების დროებითი მმართველისათვის მინიჭება შეჩერდა.

აღნიშნული ნორმატიული შინაარსის ქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდეა შეჩერებული.