იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უნდა ითვალისწინებდნენ კანდიდატის საქმიანობას, მათ შორის, წარსულს, ასევე მის სუსტ და ძლიერ მხარეებს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, ლევან მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოში მუდმივ წევრად დანიშვნა სურს.
როგორც წულუკიანმა განმარტა, აღნიშნული მიდგომა უნდა მოქმედებდეს "ყველა დანიშვნის დროს", იქნება ეს ლევან მურუსიძე თუ სხვა.
"ბატონი ლევან მურუსიძის ხელმოწერა არის გირგვლიანის საქმის საკასაციო განჩინებაზე - ეს არის ფაქტი. ბატონ მეიშვილთან და ბატონ ტყეშელაშვილთან ერთად, ის იყო ამ საქმეზე კასაციის მოსამართლე. მას, როგორც ჩანს, მართლაც აქვს სურვილი გახდეს უვადო მოსამართლე, რაც თავად თქვა. ამის შესახებ უნდა იმსჯელოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. არასამთავრობო სექტორი და არამხოლოდ ის ითხოვს, რომ ეს პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე, საზოგადოებისთვის გასაგები იყოს. რაც შეეხება იმას, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე თუ არამოსამართლე წევრებმა, ეს არ არის იუსტიციის მინისტრის გადასაწყვეტი. ალბათ, ყოველი დანიშვნის შემთხვევაში, თითოეული წევრი უნდა ითვალისწინებდეს კანდიდატის, იქნება ეს ლევან მურუსიძე თუ სხვა, საქმიანობას, მათ შორის წარსულ საქმიანობას და კანდიდატის სუსტ და ძლიერ მხარეებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, უნდა დაველოდოთ კენჭისყრის დღეს და კომენტარები გაკეთდება იმის მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
თეა წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა კითხვაზე კომპეტენტურ პასუხს გასცემს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც ასევე უზენაეს სასამართლოს ხელმძღვანელობს.