"შშმ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა ყველა ჩვენგანის ამოცანაა“

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის პირების საერთაშორისო დღეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ ადამიანთა მდგომარეობა საზოგადოებრივი კულტურის დონის ყველაზე მკაფიო ანარეკლია.

როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა, ყველა ჩვენგანის ამოცანაა.

"დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმები მათ. ამ ადამიანთა მდგომარეობა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი კულტურის დონის ყველაზე მკაფიო ანარეკლია. ამ კულტურის საფუძველი უნდა იყოს ცოდნა, რომ ბუნების კანონით, თუ ადამიანს რაიმე უნარი ეზღუდება, სანაცვლოდ უეჭველად ებოძება სხვა ნიჭი. ღირსეული ცხოვრების, საზოგადოების კეთილდღეობისათვის შრომის პოტენციალი ყველა ადამიანშია. ამიტომ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა ყველა ჩვენგანის - ხელისუფლების, საზოგადოების, კერძო სექტორის, თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მათი ოჯახების საერთო ამოცანაა. ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ბედნიერებას ვუსურვებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჩვენს თანამემამულეებს", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.