მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება. შესაბამის ცვლილებებს "საგზაო მოძრაობის შესახებ" და სხვა რამდენიმე კანონში მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ , ახალი წესების პრეზენტაცია კი შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 14:00 საათზე გაიმართება. 
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, გუშინ მედიით გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მარჯვენასაჭიან მანქანებზე დამატებითი გადასახადი წესდება ან იკრძალება მოძრაობა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით, რაც აბსოლუტურად ტყუილია.
"მსგავსი არაფერი იგეგმება. მფლობელებს, ვისაც გააჩნიათ უკვე რეგისტრირებული მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები ან ავტომანქანები გადატანილი საჭით, შეუძლიათ მთელი ცხოვრება გამოიყენონ ეს მანქანები, ჩვენ მათ არ ვეხებით. უბრალოდ იმ თარიღის შემდეგ, რაზეც დღეს ჩვენ შევთანხმდებით, მსგავსი მანქანების რეგისტრაცია აიკრძალება", - განაცხადა მღებრიშვილმა.
მინისტრმა განმარტა, რომ იკრძალება რეგისტრაცია და არა _ იმპორტი, ტრანზიტი, დროებითი შემოყვანის რეჟიმი, რეექსპორტი. გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოში ძალიან მოდაშია დაშლილი ნაწილებით ვაჭრობა და ასეთი მანქანების იმპორტის შემთხვევაში, მფლობელს შეუძლია, დაშალოს იგი, ვინაიდან რეგისტრაციაში არ გატარდება.
გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სტატისტიკა საგანგაშოა, ვინაიდან 2015 წლის მონაცემებით მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი საქართველოში 50%-ს გაუტოლდა.
"ასეთი რამ მსოფლიოს 2 ქვეყანაშია, სადაც მარცხენასაჭიანი მანქანებით არის ნებადართული გადაადგილება, ეს ქვეყნებია ავღანეთი და ბირმა. თუ ჩვენ გვინდა დავემსგავსოთ ავღანეთს და ბირმას, შეგვიძლია დავრჩეთ იგივე რეჟიმში და გავაგრძელოთ ამ ავტომანქანების იმპორტი. მაგრამ მაქსიმალური პროცენტი ყველა ევროპულ ქვეყანაში არის 10%", - განაცხადა მღებრიშვილმა.