ISIS-ის მებრძოლებთან შესაძლო კავშირის გამო დაკავებული 20 წლის მირიან ბერიძე ბათუმში სწავლობს და სტომატოლოგიური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია, კიდევ ერთი დაკავებული კი გია ბახუნტარიძეა.
როგორც მირიან ბერიძის ოჯახის წევრები აცხადებენ, დროშა და ხელყუმბარა სახლში სპეცოპერაციის დროს იქნა ჩადებული.
"ძალიან დიდი იმედი მქონდა სამართალდამცავების, ვამბობდი, ესენი რომ არ იყვნენ, რა იქნება-მეთქი, მაგრამ სამართალი არ ყოფილა ამ ქვეყანაზე. ვთხოვდი, სტუდენტი ბიჭია და ნუ ანადგურებ, რა დაგიშავათ მეთქი. გინახავთ, ადამიანმა ლიმონკა დადოს საწოლის ქვეშ და იმაზე იძინოს? ამას ვინმე იზამს? გაგვასულელეს, ვითომ ვერ ვხვდებით ამდენს ჩვენ. დაჭერა თუ გინდათ, ამას მაინც ნუ უკეთებ, აიყვანეთ და ისე წაიყავენთ-მეთქი, ვთხოვე. ჩვენ ასეთი დავალება გვაქვსო - ასე მითხრა ერთ-ერთმა, რომ ვეუბნებოდი რა ბრალს უყენებთ არ გრცხვენიათ, რა საქმე უნდა ჰქონდეს ამას ტერორისტებთან-მეთქი“, - აცხადებს დაკავებულის ბებია, ნებია ბერიძე.
დეტალებს იხსენებს დაკავებულის დედა, ნათელა ბერიძეც. ის ამტკიცებს, რომ დროშა და ხელყუმბარა სახლში სპეცოპერაციის დროს იქნა ჩადებული, რადგან ყველა დაკავებულთან ერთი და იმავე სცენარით იმუშავეს.
"ყველგან ასე მოხდა, მოულოდნელად სახლში შემოვარდნები, ნახეთ რომ ჩემთან კარები ჩამტვრეულია, 50-მდე კაცი შემოვარდა, მოგვამწყვდიეს ერთ ოთახში, სტუმრად იყო ნათესავი მამაკაცი, ისიც გაკოჭეს. მერე აღმოჩნდა, რომ სახლში ხელყუმბარა და დროშა ინახებოდა. ამას ხომ ყველა ხვდება, რომ ჩადებულია. დროშა იდო კამოდში და ლიმონკა საწოლის ქვეშ. ჩემი შვილი მორწმუნე რომ არის და მეჩეთშიც დადიოდა, ალბათ ამის გამო დააკავეს, ისინიც ხომ ამათ ემუქრებოდნენ, მანდ რომ ხართ ჩარჩენილებიო. არ ვიცი რა ვთქვა",- ყვება ნათელა ბერიძე.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, დაბა ნასაკირალში 23 წლის ჯამბულ აბდულაევი ISIS-ის მებრძოლებთან შესაძლო კავშირის გამო დააკავეს.