სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ რიგით VIII ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია (გამოფენა, დაჯილდოება) გაიმართა.
კონფერენცია იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა, რომლის მთავარი თემაა კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებები. კონფერენცია წლის საუკეთესო IT პროექტების ავტორთა დაჯილდოების ცერემონიალით დღეს დასრულდა.
ყოველწლიურ კონფერენციას უკვე მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარება როგორც ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სფეროში ერთ-ერთ წამყვან ღონისძებას, რომელსაც საქართველო მასპინძლობს. კონფერენციის დამსახურებით, წლიდან-წლამდე უმჯობესდება ინოვაციური პროექტების ხარისხი, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის უკეთესი ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობას.
ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ გახსნა.
წლევანდელი კონფერენცია, რომლის დევიზია „პარტნიორობა კონკურენციის, ინოვაციებისა და კიბერუსაფრთხოებისთვის“, რეკორდული რაოდენობის მონაწილეებს მასპინძლობს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრირებული მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელმა განიხილა კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხებს, წარმოადგენს წლის განმავლობაში შემუშავებულ ინოვაციურ IT პროექტებს და გაეცნო აღნიშნული მიმართულებით ამა თუ იმ ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს.
კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო როგორც საქართველოში, ისე რეგიონში ელექტორნული მმართველობის განვითარების საკითხებს, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტებს, ასევე ამ პროექტებში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პროცესს.
„რვა წლის მანძილზე ყოველი მომდევნო კონფერენცია განვითარების ახალ საფეხურზე გადადიოდა. დღეისათვის თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართული ღონისძიება ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში რეგიონული მასშტაბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც თავს უყრის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სფეროში ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნების წამყვან მოთამაშეებს, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციამ არსებობის 8 წლიანი ისტორიის მანძილზე შექმნა საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის უნიკალური მოდელი, რომლის მიხედვითაც ორივე მხარე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებისთვის ერთობლივი ძალისხმევით მუშაობს“ - აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.
კონფერენციის მე-2 სამუშაო დღე მთლიანად დაეთმო კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებს. კიბერუსაფრთხოების შესახებ პრეზენტაციები გააკეთებეს ამ მიმართულების მსოფლიოში აღიარებულმა ექსპერტებმა.
„ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება წარმოუდგენელია ინფორმაციული უსაფრთხოების გადაწყვეტილებების გარეშე. დღეისათვის საქართველო ელექტრონული მმართველობის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან ეტაპს გადის. სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მიერ იქმნება ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული არაერთი მომსახურება და ამით მარტივდება და ფაქტობრივად ახალ ეტაპზე გადადის სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობა. ეს პროცესი კი მჭიდროდ არის დაკავშირებული ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან. ამდენად, კონფერენციას ამ მხრივაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამასთანავე, როგორც ელექტრონული მმართელობის, ისე ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სააგენტო მისი დაარსებიდან მოყოლებული ამ კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია“, - აღნიშნავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი გვენეტაძე.
კონფერენცია ტრადიციულად დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება. წელს 15 ნომინაციაში როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან 50-მდე პროექტია წარმოდგენილი.