საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის მონაწილეობით ბელგიაში, საქართველოს საელჩოში ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოდან აცნობეს, ღონისძიებას ბელგიის 30-მდე მსხვილი ბიზნეს გაერთიანების, საინვესტიციო კომპანიებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან ბელგიელ ბიზნესმენებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მიმართეს.
ბელგიელ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ წარადგინა. პრეზენტაცია ზოგადი ბიზნეს კლიმატის მიმოხილვასთან ერთად ასევე კონკრეტული მიმდინარე საინვესტიციო პროექტებისა და ბიზნეს შესაძლებლობების მიმოხილვასაც მოიცავდა.
საქართველოს მთავრობის წევრებმა ბელგიელ ბიზნესმენებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს რეგიონალურ და სატრანზიტო მნიშვნელობაზე, ეკონომიკური და ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებსა და ევროკავშირთან არსებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით გათვალისწინებულ ბიზნეს შესაძლებლობებზე.