საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ ტერაქტების საფრთხე კიდევ არსებობს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ ტერაქტების საფრთხე კიდევ არსებობს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ მანუელ ვალსის განცხადებით, ფრანგებს სიმართლე სჭირდებათ და მათ უნდა იცოდნენ, რომ ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ქვეყანა ტერორისტების სამიზნე აღმოჩნდეს.

პრემიერ ვალსის განცხადებით, ტერორისტთა დაჯგუფება, რომელიც პარიზის ტერაქტების სერიასთანაა კავშირში, შესაძლოა კვლავ აქტიურია.

კითხვაზე, ორგანიზატორის ლიკვიდაციის შემდეგ შემცირდა თუ არა ტერორიზმის საფრთხე, საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საფრთხეს არ გაუვლია.

„არა, ასე ვერ ვიტყვით. ფრანგებს სიმართლე სჭირდებათ, საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. ჩვენ არ ვიცით აქტიურია თუ არა კვლავ ის ჯგუფები, რომლებიც ტერაქტებთან არიან კავშირში. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ წარმოვიდგინოთ. საფრთხე იქნება ხანგრძლივი და რეალური“, - აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ პარიზში, სენ-დენის რაიონში ფრანგი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული თითქმის 7 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, 2 ადამიანი, მათ შორის, ერთი ქალია დაღუპული. სამართალდამცველებმა ოპერაციის მსვლელობისას ასევე 7 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან 3 ტერორისტია.

სპეცოპერაცია პარიზის ტერაქტების სერიის ერთ-ერთი ორგანიზატორის, აბდელჰამიდ აბააუდის დაკავებას ემსახურებოდა.