იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საქართველოს ევროპელ პარტნიორებს ეუბნებიან, რომ ქვეყანა უვიზო მიმოსვლას არ იმსახურებს.
წულუკიანის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მსგავსი განცხადებები ქვეყნისთვის ძირგამომთხრელია. მისივე თქმით, ბრიუსელში, მაღალი დონის შეხვედრებისას დაფიქსირდა, რომ საქართველოს არაფერი უდგას წინ, დეკემბერში, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, დადებითი დასკვნა მიიღოს.
„რამდენიმე თვეა, ძალიან ბევჯერ, მე პირადად მსმენია, რომ ბატონი დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ეუბნებიან, რომ საქართველო არ იმსახურებს უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას და რომ თუ ეს გაკეთდება, მაშინ მთავრობაზე ევროპა დაკარგავს ბერკეტს. ის, რომ ეს არის ძირგამომთხრელი პოლიტიკა, აშკარაა, მაგრამ მე მინდა მათ იმედი გავუცრუო და ვუთხრა, რომ ქართველი ხალხის რეფორმატორულმა საქმიანობამ შედეგი გამოიღო და ჩვენ ბრიუსელიდან დამაიმედებელი პროგნოზი მივიღეთ. რა თქმა უნდა, 100%-იან გარანტიას ვერავინ მოგვცემს, თუმცა ითქვა, რომ პრინციპში არაფერი უდგას იმას წინ, რომ დეკემბერში დასკვნა დადებითი იყოს“, - განაცხადა წულუკიანმა.