საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მაქსიმალურად, კიდევ უფრო გამკაცრდება უსაფრთხოების ზომები მთელი საქართველოს მასშტაბით. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა
პრემიერის განცხადებით, რთული ვითარებაა ევროპაში გამომდინარე ბოლო მოვლენებიდან.
"რაც შეეხება პარიზის ტერაქტებს, მთელ ევროპაში უსაფრთხოების ზომები არის გამკაცრებული. გუშინ ჩვენ გვქონდა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, სადაც მე მოვისმინე ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურებიდან არსებული ვითარების შესახებ.
ჩვენ გვსურს გითხრათ, რომ სიტუაციას ვაკონტროლებთ და მაქსიმალურად, კიდევ უფრო გავამკაცრებთ უსაფრთხოების ზომებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ეტაპზე რაიმე განსაკუთრებულ რისკებს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამსახურები ვერ ხედავენ, რაც კარგია, თუმცა საჭიროა მობილიზება, საჭიროა სრული, 24-საათიანი მუშაობა და კონტროლი ყველას და ყველაფრის", - განაცხადა პრემიერმა.